„მაშფოთებს ევროპარლამენტართა თავხედობა, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას ცდილობენ, ევროპარლამენტართა მცირე ჯგუფი, ხელისუფლებას პატიმარ სააკაშვილის, სამკურნალო მიზნით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გადაყვანას სთხოვს, ევროპარლამენტარები გამოხატავენ თავიანთ ღრმა შეშფოთებას ინტერნეტ-სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც „ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვიზუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დიაგნოზის დასმა არათუ ევროპარლამენტარს, არამედ პროფესიონალ ექიმს არ შეუძლია.
„გადაყვანის მოტივსაც ხომ გააჩნია, მთავარი „არგუმენტი“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ჩართვაა. ვიზუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დიაგნოზის დასმა არათუ ევროპარლამენტარს, არამედ პროფესიონალ ექიმს არ შეუძლია. ევროპარლამენტართა მოწოდებას სერიოზულად იმ შემთხვევაში განვიხილავთ, თუ ის არგუმენტირებული იქნება და ფაქტობრივი მტკიცებულებები გაამყარებს. სააკაშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში წონაში მოიმატა, აქვს საბრძოლო შემართება და პოლიტიკაში დაბრუნდა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სააკაშვილი ქართულ საავადმყოფოში გამოჯანმრთელების გზაზეა. თუ სააკაშვილის გამოჯანმრთელება ასეთი ტემპით გაგრძელდა, ის არა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, არამედ ევროპული ტიპის, რუსთავის ციხეში გაემგზავრება. ძვირფასო ევროპარლამენტარებო, ნუ ავრცელებთ გადაუმოწმებელ, ყალბ ინფორმაციას, სააკაშვილის უფლებები სრულად არის დაცული, მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს!
P.S. ევროპარლამენტართა მცირე ჯგუფის მოსაზრება, ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას არ ნიშნავს“, - წერს ჩიხელიძე.