თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თსუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თსუ ბიბლიოთეკის ინიციატივით და თბილისის 15 უნივერსიტეტის მონაწილეობით პირველად გაიმართა.
„ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თბილისის მასშტაბით არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების გამომცემლობებისა და მათი აკადემიური პერსონალის ავტორობით ბოლო წლებში გამოცემული სამეცნიერო წიგნები. ღონისძიებაზე თსუ გამომცელობის მიერ დასტამბული წიგნების გამოფენა-გაყიდვაცმოეწყო.
თსუ რექტორის, ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. „მიხარია, რომ უნივერსიტეტის თაოსნობით და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, საფუძველს ვუყრით სრულიად ახალ ღონისძიებას - ეს არის საუნივერსიტეტო წიგნების ფესტივალი, რომელიც ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურას მოიცავს. გვინდოდა, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ერთიან სივრცეში ენახა ის შედეგები, რაც ქართულ მეცნიერებაშია მიღწეული“ - განაცხადა თსუ რექტორმა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში, თსუ დაიწყებს სრულიად ახალი სერიების გამოცემას, რომლის მიზანი იქნება, იმ დარგობრივი მიმართულების გაძლიერება, რომელიც თსუ-შია. ასევე, აღნიშნა, რომ მომავალი სასწავლო წელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდება სახელმძღვანელოების წლად. პროფესორებს მიეცემათ საშუალება, რომ შექმნან სახელმძღვანელოები იმ საგნებში, რომლებსაც ასწავლიან.
„წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენადაც მომავალი თაობა ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ წიგნიერებაზე. ფესტივალის სახით, ბეჭდვითი სიტყვის ასეთი პოპულარიზაცია ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალი თაობა მაქსიმალურად მიჯაჭვული იყოს წიგნზე“, -განაცხადა თსუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი პირველად იმართება. „აქ წარმოდგენილია ბოლო 3 წლის განმავლობაში შექმნილი საუნივერსიტეტო წიგნები და ერთი თვალის გადავლებითაც მივხვდებით, რა ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს ჩვენს უნივერსიტეტებში“,- აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.
საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი ეძღვნება პირველი ქართული სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის – მარიო მაჯიოს„ქართული ენის გრამატიკის“ – გამოცემის 380-ე და თბილისში ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსების 315-ე წლისთავს.
„ქართული ენის გრამატიკა“ პირველად 1643 წელს დაიბეჭდა რომში მცირე ტირაჟით. ამ გამოცემის მხოლოდ ორი ეგზემპლარია შემორჩენილი, რომელიც დაცულია პეტერბურგის სალტიკოვ-შედრინისა და ვატიკანის ბიბლიოთეკებში.
ქართული საუნივერსიტეტო წიგნი სათავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იღებს. უნივერსიტეტის დაარსებიდანვე იწყება ზრუნვა სამეცნიერო პროდუქციის შექმნასა და გამოცემაზე. უკვე 1919 წელს გამოიცა პირველი სახელმძღვანელო წიგნი - ზაქარია ყანჩაველის „გვიმრანაირდა ყვავილოვან მცენარეთა სარკვევი“. იმ დროიდან მოყოლებული ქართული საუნივერსიტეტო წიგნი ქართული სამეცნიერო საუნჯის უმდიდრესი ნაწილია.
„საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალში“ მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა; გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა; სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა; საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა; საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა; წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.