logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაკიძე: პირდაპირ ვადებ ხელს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს, როგორც ჩემი შვილის მკვლელს!
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

15 ივლისი. 2023. 10:25

 

 

რამდენიმე დღის წინათ რედაქციაში ჯერაც შუახანს მიუტანებელმა, მაგრამ თმა-წვერიანად გათეთრებულმა წარმოსადეგმა კაცმა შემოაბიჯა, რომელსაც ხელში სქელი საქაღალდე ეჭირა, სახეზე კი ერთი შეხედვისთანავე თვალში საცემი კაეშანი ეფინა. იგი თბილისის მკვიდრი გიორგი ვაშაკიძე აღმოჩნდა, 5 შვილის მამა, რომელსაც გასული წლის დეკემბერში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს — მოულოდნელად გარდაეცვალა უფროსი ვაჟი, 23 წლის ვაჩე ვაშაკიძე. ჩემი შვილი უსამართლობამ და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის უსინდისობამ იმსხვერპლა! — გვითხრა გაუბედურებულმა მამამ, საქაღალდიდან დოკუმენტები ამოალაგა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მისთვის უმძიმესი

 

ამბის მოყოლას შეუდგა:

 

— 2022 წლის 8 მარტს ჩემი ვაჟი ვაჩე ვაშაკიძე მეგობარ გოგოსთან — თამთა ჩომახაშვილთან ერთად მისივე ავტომანქანით სიღნაღში გაემგზავრა, სადაც მეგობრის — ნიკა გოგაშვილის ოჯახში სუფრაზე იყვნენ დაპატიჟებული. გზად ვაჩეს მისმა ნაცნობმა გიორგი ღონღაძემ დაურეკა და სთხოვა — ფული მასესხეო. ჩემმა შვილმა თანხა იმ პირობით გადაურიცხა, რომ დღის ბოლომდე აუცილებლად დაუბრუნებდა. საღამოს, როცა სიღნაღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, ვაჩემ ღონღაძეს დაურეკა — მანქანაში საწვავის ჩასასხმელად თანხა მჭირდება და, როგორც შევთანხმდით, ვალი დამიბრუნეო, მაგრამ მისგან უარი მიიღო, თანაც, უხეში ფორმით. ამას მოჰყვა კამათი, ურთიერთგინება და ღონღაძემ ჩემი შვილი თბილისში, ვერაზე, დაიბარა საქმის გასარკვევად.

 

— ღონღაძე ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრია?

 

— ღონღაძე არის დიჯეი, რომელიც ღამის კლუბებში უკრავს. ჩემმა შვილმა თავის მეგობარ საბა ჭელიძეს დაურეკა და სთხოვა, რომ ვერაზე, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, გიორგი ღონღაძის სანახავად წაჰყოლოდა. საბას მოჰყვა მისი მეგობარი ნუკრი აბესაძე, რომელსაც ვაჩე არ იცნობდა. მოკლედ, მივიდნენ დათქმულ ადგილას, სადაც გიორგი ღონღაძესთან ერთად ნიკოლოზ მარგიანი, გიორგი ხუციშვილი და ლაშა გაბადაძე დახვდნენ. ისინი ვაჩესა და ღონღაძის საუბარში ჩაერივნენ, რაზეც ჩემმა შვილმა უთხრა

 

— მე აქ გიორგისთან სასაუბროდ მოვედი და თქვენთან საქმე არა მაქვსო! ამას მოჰყვა შელაპარაკება, ატყდა ხმაური და ლაშა გაბადაძემ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო, რომელიც პირდაპირ შუბლზე მიადო ჩემი შვილის მეგობარ საბა ჭელიძეს. საბამ ხელი აუქნია და იმ წამსვე გასროლის ხმა გაისმა — ერთი, მეორე, მესამე... სულ 6 ტყვია გაისროლეს.

 

— თქვენი შვილი და მისი მეგობრები დაიჭრნენ?

 

— დიახ, გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი ხუციშვილის მიერ ნასროლი ტყვია ჩემს შვილს მუცელში მოხვდა და მსხვილი და წვრილი ნაწლავები დაუზიანა. მუცლის ღრუში შემავალი და შინაგანი ორგანოების დამაზიანებელი ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა ნუკრი აბესაძესაც, ხოლო ლაშა გაბადაძის ნასროლმა ორმა ტყვიამ საბა ჭელიძე ბარძაყისა და წვივის არეში დაჭრა.

 

ვაჩესა და მის მეგობრებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ, მხოლოდ შიშველი ხელებით და ერთი პატარა დანით ცდილობდნენ თავის დაცვას. ჩემმა შვილმა, მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი იყო, შეძლო, გიორგი ხუციშვილისათვის რევოლვერი წაერთმია. როგორც მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, დაჭრილი ვაჩე ხუციშვილს წართმეული პისტოლეტის ტარს ურტყამდა და არც კი უცდია, გაესროლა, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდში ტყვიები კიდევ იყო დარჩენილი.

 

აღსანიშნავია, რომ საქმე გიორგი ღონღაძისა და ნიკოლოზ მარგიანის ჩვენებებით გაიხსნა, რომლებმაც გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომხდარის შესახებ, თუმცა, გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება სასამართლო პროცესზე თავიანთი მეგობარი ბრალდებულების სასარგებლოდ შეცვალეს. განაცხადეს — პოლიციაში დაკითხვის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავით და ისიც კი არ გვახსოვს, ჩვენება ზეწოლის შედეგად მივეცით თუ არაო!

 

ჩვენების შეცვლისა და სასამართლოსათვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო მარგიანისა და ღონღაძის წინააღმდეგ დღეს სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ღონღაძემ ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო და მიმალულია, მარგიანი კი ჩემი შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღეს დააკავეს და გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს.

 

— ხუციშვილი და გაბადაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენ ხანში დააპატიმრეს და რა ბრალდება წარუდგინეს?

 

— გაბადაძე მომხდარიდან მეორე დღეს დიღომში აიყვანეს, ხუციშვილი კი მიმალვაში იყო და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დააკავეს. ორივე მათგანს ბრალად ედებოდა სამი ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. პროკურატურა ითხოვდა, სასამართლოს ბრალდებულებისათვის 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამაოგნებლად უსამართლო ვერდიქტი გამოიტანა — ხუციშვილი და ღონღაძე წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა, მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის ცნო დამნაშავედ და 3-3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

 

— „დანაშაულის შეუტყობინებლობა“ საიდან და როგორ გამოიკვეთა?

 

— მოსამართლე ჩახნაშვილი დაეყრდნო ბრალდებულ გაბადაძისა და დაცვის მხარის მოწმის — ვინმე მაია ერისთავის აბსოლუტურად ცრუ ჩვენებას, რომელიც ჭიაურელის ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტს მეექვსე სართულიდან ადევნებდა თვალს და თითქოს დაინახა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შემთხვევით შეუერთდნენ „სხვა ბიჭები“, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ და სწორედ მათ ატეხეს სროლა.

 

მოსამართლე ჩახნაშვილის გადაწყვეტილებაში წერია:

 

„ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს ბრალდებულების: ლაშა გაბადაძისა და გიორგი ხუციშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში... ასევე ზემოთ ხსენებული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი ლაშა გაბადაძისა და გიორგი ხუციშვილის მიერ სამი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენაში დამარწმუნებელი, თუმცა, იმის გამო, რომ მათი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის — დანაშაულის შეუტყობინებლობის ყველა ნიშანს, შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს მათ მიმართ წარდგენილი ბრალი... თითოეულ ბრალდებულს უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს...“

 

მოსამართლე ჩახნაშვილმა ამ გადაწყვეტილებით არამხოლოდ კანონსა და სამართალს მიაფურთხა, არამედ ჩემი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელი ოჯახი გაგვანადგურა! აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვაჩეს გულის გაჩერება იმ საშინელმა სტრესმა გამოიწვია, რომელიც უსამართლობის განცდითა და შეურაცხყოფის შეგრძნებით იყო გამოწვეული!

 

— ვაჩე განიცდიდა, რომ მოსამართლემ ბრალდებულებს მცირე სასჯელი მიუსაჯა?

 

— არათუ განიცდიდა, ფსიქოლოგიურად იყო განადგურებული, მუდმივად ბორგავდა, ადგილს ვერ პოულობდა და მეუბნებოდა — მამა, სულ იმას რომ ჩამჩიჩინებ, ცხოვრებაში წესიერება და სამართლიანობაა მთავარი, აბა, სად არის სამართლიანობა და სამართალიო? ჯერ მარტო იმის გამო იყო დათრგუნვილი, რომ დაჭრის შემდეგ ორი ოპერაცია გაუკეთეს და მსხვილი ნაწლავი თვეების განმავლობაში გარეთ ჰქონდა დატოვებული... წარმოიდგინეთ, 23 წლის ბიჭისათვის როგორი მძიმეა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და მერე იმის გაცნობიერება, რომ, ვინც ეს დაგმართა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო!

 

სასამართლო პროცესზე ჩემი შვილი დაზარალებულის სტატუსით რომ იკითხებოდა, ბრალდებული ხუციშვილი, რომელიც ყოფილი პოლიციელია, ბინძურ, შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ესროდა და დედაც კი შეაგინა. მართალია, ვალში არც ვაჩე დარჩენია და პასუხი იქვე დაუბრუნა, მაგრამ ბავშვი გაოგნებული იყო იმის გამო, რომ მოსამართლე ჩახნაშვილს ხუციშვილისათვის შენიშვნაც კი არ მიუცია. მეტიც, გადაწყვეტილებაში ჩაწერა — სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის განხილვის პროცესში ბრალდებულთა მიერ გამოვლენილ ეთიკურ ქცევასო!

 

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხუციშვილის ადვოკატს — ტარიელ კაკაბაძეს თავისი კლიენტის დაცვის სტრატეგია ბინძურ მეთოდებზე ჰქონდა აგებული, ჩემი შვილის, როგორც დაზარალებულის, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, წყობიდან გამოყვანას ცდილობდა და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა.

 

მოკლედ, პირდაპირ ვადებ ხელს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს, როგორც ჩემი შვილის მკვლელს! ბავშვი, რომელიც კრიმინალების ტყვიით სიკვდილს გადაურჩა, მოსამართლის მანტიაში გახვეულმა ბანდიტმა უსამართლო განაჩენით მომიკლა!

 

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მოსამართლე ჩახნაშვილმა ბრალდებულების გამართლებაში ფული აიღო! ამ ვარაუდს მიმყარებს ის ფაქტიც, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პერიოდში ბრალდებული ხუციშვილის დედამ ბინა გაყიდა!

 

— იქნებ პროკურატურამ მართლაც ვერ წარადგინა სასამართლოში მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც მოსამართლეს ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენაში დაარწმუნებდა?

 

— ჩემი აზრით, გამოძიების პროცესში მართლაც იყო ხარვეზები და ვერც ყველა მტკიცებულების მოპოვება მოხერხდა. მაგალითად, საქმეში არ დევს იარაღი, რომლიდანაც ინციდენტის დროს ლაშა გაბადაძემ გაისროლა. თქვეს, რომ პისტოლეტი რეგისტრირებული არ იყო და მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა,

 

ეჭვი მაქვს

 

და გარკვეულ ინფორმაციასაც ვფლობ, რომ გაბადაძის მიერ გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი შეგნებულად გადამალეს, რადგან ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საკუთრება იყო.

 

მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხუციშვილი და გაბადაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ყოფილიყვნენ ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სწორედ ამას ადასტურებს.

 

— სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა?

 

— დიახ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა — გიორგი კერატიშვილმა, ვეფხია ლომიძემ და შალვა კაკაურიძემ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენისაგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანეს.

 

აი, რა წერია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში:

 

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ლაშა გაბადაძემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა (საბა ჭელიძის ეპიზოდი‘... კერძოდ, ლაშა გაბადაძემ 2022 წლის 9 მარტს, მოკვლის განზრახვით, არაერთი გასროლა განახორციელა საბა ჭელიძის მიმართ ამ ეტაპზე დაუდგენელი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღიდან. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება... გიორგი ხუციშვილმა ასევე ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა (ვაჩე ვაშაკიძის ეპიზოდი‘... გიორგი ხუციშვილმა 2022 წლის 9 მარტს, მოკვლის განზრახვით, 9X18 კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვაჩე ვაშაკიძეს და დაუზიანა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოები, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება... ლაშა გაბადაძესა და გიორგი ხუციშვილს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა“.

 

— პროკურატურის მოთხოვნა — ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეფარდებოდათ, არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა?

 

— სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად არ ყოფილა ჩადენილი. განაჩენში წერია, რომ ბრალდებულებს ინციდენტის დროს „ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოეშვათ მკვლელობის განზრახვა“ და „მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორივე მათგანმა სროლა მოკლე ინტერვალით განახორციელა, ვერ დაედება საფუძვლად მკვლელობის მცდელობის ჯგუფურად ჩადენის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“.

 

პროკურატურას სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და არ არის გამორიცხული, გაბადაძესა და ხუციშვილს სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ.

 

და მაინც, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჩახნაშვილის გადაწყვეტილებასთან შედარებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების — კერატიშვილის, ლომიძისა და კაკაურიძის მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანობის ზეიმია, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ!

 

— თქვენი შვილი თუ იყო კმაყოფილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენით?

 

— ვაჩე ამას ვერ მოესწრო, რადგან 2022 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კი 2023 წლის 5 მაისს გამოვიდა. ჩემი შვილი ისე ჩაწვა მიწაში, რომ ვერ ეღირსა, დამნაშავე კრიმინალებს მისთვის ბოდიში მაინც მოეხადათ ნასროლი ტყვიისა და სასამართლო პროცესზე მიყენებული შეურაცხყოფის გამო, არადა, მათგან მხოლოდ ამას ვითხოვდით! მიუხედავად ამისა, მჯერა, მისი სული სამართლიანობას იმქვეყნად იზეიმებს და მოვა დრო, როცა ყველა დამნაშავეს ღვთის წინაშე მოეკითხება.

 

და კიდევ: გარდა იმისა, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თავისი უსამართლო განაჩენით შვილი მომიკლა, გადაწყვეტილების გამოქვეყნების კანონით დადგენილი ორკვირიანი ვადაც დაარღვია და 2022 წლის 1 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი 2023 წლის 27 იანვრამდე არ გამოაქვეყნა, თუმცა, გამოქვეყნების თარიღად 2022 წლის 15 დეკემბერი მიუთითა, რის გამოც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვუჩივლე, მაგრამ ჩემი საჩივარი დღემდე არ განუხილავთ!

 

ბოლომდე ვიბრძოლებ

 

და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩახნაშვილს მოსამართლის მანტია აღარ ეცვას! მასთან მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს — რატომ დამისა}ე შვილი სიმართლისთვის?

 

ასეთი გარეწრების ადგილი სასამართლოში აღარ უნდა იყოს, თორემ ჩემნაირად კიდევ ბევრ ო}ახს დაღუპავენ!

 

ესაუბრა

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner