logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ რაჭველი ვახტანგ კახიძეს: მზად ვარ, სიმფონიურ დარბაზში თავად არ ვიდირიჟორო!
- +

10 მარტი. 2016. 22:41




საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნიკოლოზ რაჭველი მიმართვას ავრცელებს, სადაც ვახტანგ კახიძეს მიმართავს:



„ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო, მინდა, იცოდეთ, რომ მე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრები დღემდე ველით ძალზედ მნიშვნელოვან პასუხებს:

 

1. ვახტანგ კახიძეს მივმართეთ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, რომ თუ იგი ჩემს მიმართ პირადი ანტიპათიის გამო არ აძლევს ეროვნულ ორკესტრს თბილისში არსებულ ერთადერთ სიმფონიურ დარბაზში კონცერტების ჩატარების საშუალებას (ცხადია მანამდე, ვიდრე ჩვენი შენობა გარემონტდება), მე მზად ვარ,აღნიშნულ დარბაზში თავად არ ვიდირიჟორო და მხოლოდ მოწვეული დირიჟორებით გამართოს ორკესტრმა სეზონური კონცერტები! ამით შესაძლოა კომპრომისზე წავიდეს დარბაზის ადმინისტრაცია, ხოლო ეროვნული ორკესტრის განვითარებისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი პროცესისათვის, ისევე როგორც საპატიო სოლისტთა და დირიჟორთა მასპინძლობისათვის სიმფონიური მუსიკის დარბაზში დაკვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!!!

 

2. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს გვაინტერესებს, სახელმწიფოს მესვეურები (მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, კულტურის მინისტრი) იზიარებენ თუ არა ვახტანგ კახიძის საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც, მას მიაჩნია, რომ თბილისის სიმფონიური მუსიკის ერთადერთი პროფესიული დარბაზი (რომელიც არ არის კერძო და არის სახელმწიფოს საკუთრება) სამუდამოდ უნდა იყოს დაკეტილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრისათვის.

 

შეგახსენებთ მის ძირითად არგუმენტებს: „ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არის არაპროფესიონალი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული კოლექტივი და მათი შესრულების დონე აღნიშნულ დარბაზის შემოქმედებით სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს" (ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ორკესტრმა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის გარდა გასულ სეზონებში ამჟამინდელი შემადგენლობით ძალზედ წარმატებული კონცერტები გამართა პარიზის სიმფონიურ დარბაზსალ პლეიელ“-ში, ბერლინის ისტორიულ კონცერტჰაუსში, ბრიუსელის ხელოვნების სასახლეში, სტრასბურგის სიმფონიურ კონვენს-ჰოლში, პეტერბურგის დმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის ლეგენდარულ ფილარმონიაში და ტალინის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში); ეროვნულ ორკესტრს ხელმძღვანელობს პიროვნება, „რომლის იმ სცენაზე დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა არის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა" (ციტატა . კახიძის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი ოფიციალური წერილიდან ჩემს შესახებ); „სხვა სიმფონიური ორკესტრების პრობლემები სრულებით არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანიდა სხვ.)

 

იმედია, ამ ორ საკითხზე 21 მარტამდე მივიღებთ პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 მარტს ოპერის თეატრში ჩვენი გალა-კონცერტის დასრულებისას გავაკეთებთ საკმაოდ მწვავე საგანგებო განცხადებას შესაბამისი ქმედებების გათვალისწინებით!

 

P.S. პასუხისმგებლობას მხოლოდ კულტურის სამინისტროს არ ვაკისრებთ, ვინაიდან აღნიშნული ინსტიტუცია, როგორც ჩანს, იურიდიულად არ ყოფნის საკითხის მოგვარებას, ხოლო მინისტრის მიმართ პატივისცემა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენთან დაკავშირებული მისი არაერთი თხოვნა გაეთვალისწინებინა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელს. კულტურის მინისტრი და სამინისტრო ნამდვილადაა მონდომებული აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, სწორედ მათი დიდი მონდომების შედეგია ის, რომ ჩვენთვის გამოინახა რამდენიმე თარიღი ოპერაში (სამწუხაროდ, მათი სამუშაო პროცესის შეფერხების ხარჯზე), რომელიც აკუსტიკურად არ აკმაყოფილებს სიმფონიური მუსიკის ჟღერადობის სტანდარტებს და ქმედით ფაზაში გადავიდა ჩვენთვის შენობის რეკონსტრუქციის საკითხი, რის გამოც უდიდეს მადლობას ვუხდით მიხეილ გიორგაძეს და მის გუნდს! თუმცა მათდამი მეგობრობის და პატივისცემის მიუხედავად, მე და ჩემი შემოქმედებითი გუნდი ვერაფრით შევეგუებით უსამართლობას, რომელიც გამყარებულია ცილისწამებითა და შეურაცხყოფით, რომლის მომსწრენიც სამწუხაროდ უკვე არაერთხელ გავხდით...

ნიკოლოზ რაჭველი

10 მარტი 2016


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner