logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა
- +

15 ივლისი. 2023. 18:55

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს, ნიკოლას ალბერტონის შეხვდა.

 

ვიცე-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში, საპარლამენტო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტის დიდ მნიშვნელობას.

 

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

 

ისაუბრეს უკვე ინიცირებული ხელშეკრულებების დროულად ხელმოწერაზე, რომლებიც მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების სწრაფად გავლას საჭიროებენ.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ვიცე-მინისტრს ურუგვაის მხრიდან საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

 

„ურუგვაი იყო პირველი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, რომელმაც დაიწყო გაეროში, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერა და შემდეგ, მას სხვა ლათინურ-ამერიკულმა ქვეყნებმაც მიბაძეს“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოსა და ურუგვაის შორის სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობებზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ურუგვაი არის სამხრეთ ამერიკის სავაჭრო გაერთიანების - მერკოსურის წევრი.  გამოითქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით ორ მხარეს შორის კონსულტაციები დაიწყოს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას.

 

ურუგვაის მხარემ ისაუბრა ლათინური ამერიკის ინტეგრაციული პროცესებზე და  ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიშვა ომის შედეგად.

 

ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით; ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს სამშვიდობო როლით. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ნიკოლოზ სამხარაძემ მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner