ავტორი თაკო კვარაცხელია
„დაკარგულად უნდა მივიჩნიოთ ყოველი დღე, რომელ დღესაც ერთხელ მაინც არ გვიცეკვია“, - ამ საოცრად ლამაზი ფრაზის ავტორია ფრიდრიხ ნიცშე, „რეპორტიორის“ სტუმარი კი, ადამიანია, რომელსაც ნიცშესეული განმარტებით, არცერთი დღე უაზროდ არ დაუკარგავს... გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავთან, ბოსტონის ბალეტის წამყვან სოლისტ ლაშა ხოზაშვილთან.
- ლაშა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ არ დაგვზარდით, გამონახეთ დრო და ოკეანის გაღმიდან ესაუბრებით „რეპორტიორის“ მკითხველს... მოდით, პირველ რიგში, გასული სეზონი შევაჯამოთ, როგორ ჩაიარა 2022-2023 წლების საბალეტო სეზონმა ბოსტონის თეატრში?
- მართლაც ძალიან კარგი სეზონი იყო, კოვიდ-პანდემიის შემდეგ სცენას დიდი შემართებით და რაც მთავარია, ნიღბების გარეშე დავუბრუნდით. მძიმე სეზონი იყო, უამრავი სპექტაკლი, ახალი პარტნიორები... შევასრულე მოულოდნელად გამოჩენილი როლებიც, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დიდი აზარტიც... გავიხსენებ შემთხვევას, როცა 5-7 წუთში მომიწია როლის მორგება. „მაკნატუნაში“ სხვადასხვა დღეს, ოთხ სხვადასხვა როლს ვასრულებ ხოლმე. გახსნითი სპექტაკლი როცა წარმოვადგინეთ, მე არაბულს ვცეკვავდი, სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო, როცა ჩემი პარტნიორი მოვიდა და მითხრა, კოსტიუმი მოაქვთ და გარკვეული გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო, სრულიად სხვა პარტიის შესრულებაც მოგიწევსო. ისიც კი არ ვიცოდი, ვინ იქნებოდა ჩემი პარტნიორი, მივედი ამ გოგონასთან და იმ დროს, როდესაც სულ ერთი წუთიღა იყო დარჩენილი, იქვე კულისებში რამდენიმე ილეთი შევასრულეთ და სცენაზე გავედით. საოცარი შეგრძნება იყო, საოცარი თავგადასავალი.
- ბრავო, მართლაც უდიდესი არტისტი უნდა იყო, რომ ეს შეძლო. რა სიახლეები იყო წარმოდგენილი ამ წელს და თუ მოგიწიათ ისეთი პარტიის შესრულება, რომელიც აქამდე არ გიცეკვიათ და, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით?
- ვიცეკვე ამ სეზონის კი არა, მთელი ჩემი კარიერის პიკი - ოტელო! ეს სპექტაკლი წარმოდგენილი იყო საქართველოში, რაც ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და გამოწვევა იყო, რადგან ეს იყო გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმა და, თავის დროზე, ის თავად ასრულებდა ამ პარტიას! დამიჯერეთ, უდიდესი გამბედაობა გჭირდება ადამიანს, როცა ცეკვავ იმ პარტიას, რომელსაც თავის დროზე დიდი მაესტრო, ვახტანგ ჭაბუკიანი ასრულებდა... ამ როლს როცა დავთანხმდი, მაშინვე ვიფიქრე - კი დათანხმდი, მაგრამ ახლა დროა, გააცნობიერო, რას დათანხმდი, რა მასშტაბის პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ თავზე. სავსე ვიყავი ემოციებით და, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ მქონდა მოსამზადებლად, ბოლომდე გავიაზრე ჩემი პარტია, ვეცადე, მეპოვა საკუთარი თავი მასში და ჩემებურად (ჩემებური ნიუანსებითაც კი) მეცეკვა... ვფიქრობ, მსახიობის ყველაზე დიდი შეცდომა სხვისი კოპირება და როლის ისე შესრულებაა, როგორც ამას მისი წინამორბედი ასრულებდა, რაც არ უნდა დიდი სახელისა და გვარის მქონე იყოს წინამორბედი. რაც შეეხება საოცნებო როლს, ეს არის ბალეტი „სპარტაკი“, იური გრიგოროვიჩის დადგმით. ამ პარტიის შესრულება ჯერ კიდევ ოცნებად მრჩება, რადგან აშშ-ში უკვე უამრავ შეზღუდვას ვაწყდებით. შეზღუდვაში მოექცა „სპარტაკიც“...
- რას გულისხმობთ, რა შეზღუდვებს აწყდება არტისტი თავისუფალი სამყაროს აკვნად მიჩნეულ აშშ-ში?
- სამწუხაროდ, ისეთი დრო დადგა, რომ მაყურებლის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამერიკაში ერიდებიან ისეთი სპექტაკლების დადგმას, რომელიც მგრძნობიარე თემებს ეხება. დამიჯერეთ, მსახიობებისთვისაც გამაღიზიანებელი გახდა საკითხისადმი ასეთი მიდგომა... ერთი ან ორი მაყურებელიც კი თუ დაწერს კრიტიკულ შეფასებას, რომ თავი რასისტული ან სხვა ნიშნით შეურაცხყოფილად იგრძნეს, მათ გამო აიკრძალება მთელი სპექტაკლი. ხიბლს კარგავს ხელოვნება, კულტურა... ხელოვანს უნდა მისცე შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი, რათა მაყურებელს აჩვენოს სპექტაკლი იმ სახით, რა სახითაც ის შეიქმნა. ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააკეთო დადგმა, არ უნდა შეკვეცო და არ უნდა მოარგო თანამედროვე რეალობას, რადგან ასე, უბრალოდ, სულს ამოაცლი მას და მისგან აღარაფერს დატოვებ. ყველაფერს, რაც ახლა ხდება, ხელოვნებასთან კავშირი აღარ აქვს... ხელოვნება შეზღუდვებით, ხელოვნება აღარაა...
- თქვენ არტისტი ხართ, საბალეტო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა... ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა ჟანრში ერთნაირად ძლიერი ხართ, თუ გამორჩეულ ვარსკვლავებსაც აქვთ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები?
- რაც არ უნდა დიდი ვარსკვლავი იყო, არ არსებობს, რომ ყველა ჟანრში იყო იდეალური... შეიძლება ზოგიერთ ჟანრში იყო ძალიან კარგი, ზოგიერთში კი, უბრალოდ შეუდარებელი. არსებობს ჟანრი, სადაც მეტად ბუნებრივად, ორგანულად ვგრძნობ თავს, მაგრამ სადღაც უფრო ნაკლებად... არტისტი ყველა მოცემულობას გაართმევს თავს, მთავარია, რომ მას არ დაუწესო ბარიერები და მისცე თავისუფლება. ეს უმნიშვნელოვანესია!
- სამყარო გამუდმებით ისწრაფვის სიახლისკენ და ამ მხრივ, არც ბალეტია გამონაკლისი. თუმცა, სიახლისკენ სწრაფვას, ყოველთვის მოსდევს შიში, რომ არ გაქრეს ძველი, ანუ ის, რაც უკვე კლასიკად იქცა... თქვენ თანამედროვე ბალეტს ანიჭებთ უპირატესობას თუ ტრადიციულსა და ეპოქების მიერ გამოცდილს?
- ორივე ჟანრის ბალეტს მივესალმები, რადგან ზოგადად, ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება... თუმცა, მე კარიერა კლასიკური ბალეტით დავიწყე და ის ყოველთვის დარჩება ჩემს ფავორიტად. თანამედროვე ბალეტის ღმერთი კი, ჩემთვის ირჟი კილიანია, ის მართლაც საოცრებაა, სასწაულია და ასეთი ქორეოგრაფი თანამედროვე ბალეტში არ არსებობს!
- ლაშა, რამდენად მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც არტისტისთვის, განწყობა, გარემო, აურა და ის პუბლიკა, რომლისთვისაც ცეკვავთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია! წლების განმავლობაში მიცეკვია ისეთი სპექტაკლები, რომელთა შესრულებაც დიდად არ მდომებია, არ მომწონებია და საკუთარი თავის იძულებით შემისრულებია ეს პარტიები. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მსახიობს მოსწონდეს ის, რასაც ცეკვავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს დისჰარმონიას მსახიობსა და მის მიერ შესრულებულ როლს შორის. ამ წლების განმავლობაში მქონია შემთხვევა, როცა არ მომწონებია ქორეოგრაფია ან თავად ქორეოგრაფი, ასეთ დროს ვცდილობ, გონებაში გავთიშო ყველა ბარიერი და მაყურებლისთვის ვიცეკვო სრულიად თავისუფლად. მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა სპექტაკლი ან ქორეოგრაფი, უნდა გაითავისო და მიიღო ის როლი, რომლის შესრულებაც გიწევს. რაც შეეხება პუბლიკას, პუბლიკა აშშ-ში არ არის უცოდინარი, ბევრი მათგანი ერკვევა და ღრმად აანალიზებს სპექტაკლს. მე უკვე ძალიან კარგად ვისწავლე ამერიკელი მაყურებელი. ვიცი, რა მოსწონთ და რას ელოდებიან მსახიობისგან. ინტუიციურად ძალიან კარგად ვთანამშრომლობ მათ ემოციებთან. ადრეულ ასაკში, როცა ჯერ კიდევ ვიწყებდი კარიერას, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ტექნიკას, რადგან მესმის, რომ პუბლიკას უყვარს ემოციები, იმის ნახვა, თუ რა სიმაღლეზე მოახერხე ახტომა და რამდენი ბრუნი გააკეთე ჰაერში, თუმცა, წლების შემდეგ ჩემთვის ტექნიკურ ნაწილს უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან, როგორც წიგნში მისი შინაარსია მთავარი და არა მისი ვიზუალური მხარე ან ილუსტრაციები, ასეა ბალეტშიც... ჩემი მაყურებელი ბედნიერია, როცა სათქმელს ვუყვები სიღრმისეულად და ჩემთვის, როგორც მოცეკვავისთვის, ესაა უმნიშვნელოვანესი...
- ლაშა, დადის თუ არა ბალეტის სანახავად ახალგაზრდა თაობა, გამოხატავენ თუ არა სურვილს, თავადაც გახდნენ ბალერინები და ბალერონები და რას ურჩევდით დამწყებ მოცეკვავეებს?
- ახალგაზრდა თაობა დადის ბალეტის საყურებლად და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მიხარია, რომ ისინი ინტერესდებიან არამარტო თანამედროვე ბალეტით, არამედ სიამოვნებით უყურებენ კლასიკურ ბალეტსაც და აღფრთოვანებულებიც რჩებიან მისით. სწორედ ამიტომ მგონია, რომ კლასიკური ბალეტი არასოდეს მოკვდება... რაც შეეხება რჩევას, ვეტყვი მათ, რომ ენდონ რეპეტიტორის გამოცდილებას, მოუსმინონ და ისწავლონ მისგან. რეპეტიტორმა მოცეკვავის მონაცემები უნდა აქციოს დიდ შესაძლებლობად. მე ძლიერი მონაცემების ბევრი ბავშვი მინახავს, რომელიც დაიკარგა და, ვიცი ნაკლები მონაცემების მქონე ბავშვი, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალად იქცა. ამაში უდიდესი როლი სწორედ მის პედაგოგს მიუძღვის. ვურჩევ ბავშვებს, იშრომონ და არ ითაკილონ შენიშვნის მიღება, რადგან შენიშვნებით გაღიზიანება კი არა, მხოლოდ შენიშვნების გაანალიზებაა საწინდარი პროფესიული ზრდისა და განვითარებისა.
- და ბოლოს, მომავლის გეგმები რომ გაგვიმხილოთ... როდის გიხილავთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე?
- წინასწარ გრაფიკი ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიამოვნებით ვთანამშრომლობ ჩემს ყოფილ დასთან, მიყვარს ქართველი მაყურებელი და ძალიან დიდი ფუფუნებად და სიამაყედ მიმაჩნია ქართველი პუბლიკის წინაშე წარსდგომა... როგორც კი იქნება ახალი პროექტი და მოწვევა საქართველოდან, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ და ვიცეკვებ ჩემს მონატრებულ თბილისში.