ილია მეორემ ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობაზე იქადაგა: "დედამ უნდა დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი"
ძალადობა, რომელიც ადამიანთა შორის, ოჯახებში ხდება, ურწმუნოებით არის გამოწვეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა სამების ტაძარში ქადაგებისას ძალადობის დაძლევის გზებსა და განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა. განათლებასთან ერთად პატრიარქმა ქადაგებისას სულიერი სამყაროს გაძლიერებას გაუსვა ხაზი.
"ძველმა რომაელებმა თქვეს - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ყველაზე რთული პროცესი ადამიანში მიმდინარეობს. ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ადამიანთა ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით არის გამოწვეული ეს ყველაფერი. შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული. როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ძალადობა, ეს საკმარისი არ არის. უნდა ვიფიქროთ შინაგან, სულიერ სამყაროზე. ბოროტება ტრიალებს ადამიანის სულში და გონებაში და ეს შემდეგ ადამიანებს შორის ხორციელდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების სულიერ სამყაროს. შვილებს ყველაფერს ვაძლევთ - განათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს, ვასწავლით ენებს და ხელობას, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასწავლებლებს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, ვასწავლოთ რა არის სიკეთე და ბოროტება", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობაზეც იქადაგა და აღნიშნა, რომ მთავარი ამ ურთიერთობაში არა თანასწორობა, არამედ ურთიერთპატივისცემაა. "ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ძალადობს ქალზე ან ცოლი ძალადობს ქმარზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. და ეს ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.