დიდი მხედართმთავრის, ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელ ნოსტეში ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი მიეძღვნა ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის უკვდავ სახელს, რომელიც მისი კოშკის (ნამოსახლარის) მიმდებარედ ჩატარდა.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 2004-2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები.
პირველი ადგილი საგარეჯოელმა, მეორე ადგილი გორის და მესამე ადგილი „გორიჯვარის“ მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ქართული ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა გადასცა.
ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა მამაკაცთა გუნდმა „მოურავმა“ და ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „თხოთმა“ გახსნა.
კავთურისხეობელმა მხედრებმა კი მხედართმთავრის დროინდელი ეპოქა გააცოცხლეს.
ტურნირს ესწრებოდნენ ცნობილი მოჭიდავეები, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელები.
ღონისძიება ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას მიეძღვნა, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ჩემპიონატი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.