„პარლამენტის თავმჯდომარეობის შესახებ შეთავაზება 2003 წელს მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილმა კოალიციაში ყოფნის დროას მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. "ისევ ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნება" იყო ის ძალა, რომელიც შეძლო იმ მონსტრის დამარცხება, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია.
„კოალიციურ პროექტში ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი უსუფაშვილმაც, ივანიშვილმაც, ვისაც რა შეგვეძლო და შემდგომ გავაგრძელეთ ჩვენი პასუხისმგებლობის, ჩვენი ტვირთის ტარება. რაც შეეხება იმას, უსუფაშვილი კოალიციამ გააცნო ქართველ ხალხს თუ არა, ამაზე ვერ დავეთანხმები ვერც ბიძინას, ვერც ირაკლის, ვერც ვერავის, რადგან 2011 წლის მდგომარეობით მე გავლილი მქონდა ჩემი ცხოვრების აქტიური გზა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეობის შემოთავაზებები. მათ შორის 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" გუნდში მოიყვანა ის ხალხი, რომელთა ხელმძღვანელობას პარლამენტში მე მთავაზობდა, თვითონ იყო საკრებულოს თავმჯდომარე, აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას და აგვიტოს ბოლოს მითხრა, მე გიჟის სახელი მაქვს, შენ ჭკვიანის, ამიტომ გიჟი და ჭკვიანი ერთად კარგად ვიქნებით ტანდემში, შენ პარლამენტში გაუძეხი საქმეს, მე გარეთ და ასე ავიღოთ ხელში ძალაუფლება და გავუძღვეთ ქვეყანას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს არ დათანხმდა, რადგან ის გუნდი, რომელითაც სააკაშვილი პარლამენტში შედიოდა მისთვის მიუღებელი იყო.
„სააკაშვილს არც პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, არც სიის პირველ ნომრობაზე და არც პარლამენტში შესვლაზე არ დავთანხმდი. ახლაც ამას ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს, ეს არის მისთვის ძნელი მოსასმენი და ასატანი, მაგრამ უნდა ავიტანოთ, რადგან ქვეყანას ვემსახურებით. დიახ, იმ გუნდთან ერთად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გამოიყვანა სახელისუფლებო მონოლითად მე ვამბობ, რომ ამ გუნდით ქვეყანა წინ ვერ წავა", - განაცხადა უსუფაშვილმა.