logo_geo
eng_logo
ნეოლიბერალური აღქმები და ფაქტები
- +

17 ივლისი. 2023. 12:15

 

 

არახალია, რომ ნეოლიბერალური პროპაგანდა ცდილობს პოლიტიკური პროცესი აღქმების ასპარეზად აქციოს. მოგწონს თუ არ მოგწონს, იძულებული ხარ, ფაქტებით „კბილებამდე შეიარაღებულმა“, ამ მარაზმში მიიღო მონაწილეობა, რათა ქვეყანა აგენტოკრატიისა და აღქმებით გაბრუებული სექტანტების საჯიჯგნ სხეულად არ იქცეს.

 

აღნიშნულ კონტექსტში დღევანდელობის ყველაზე აქტუალური და იმავდროულად ჩვენთვის მეტად პრობლემური ორი მოვლენა მინდა განვიხილო:

 

  1. ნეოლიბერალური აღქმა - უკრაინა უკვე გამარჯვებულია; ფაქტი - ამ ეტაპისთვის უკრაინას, 2022 წლის 24 თებერვლამდე პერიოდთან შედარებით, დაკარგული აქვს ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია; საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა 500 000-მდე უკრაინელი; ადგილმონაცვლეთა კატეგორიას განეკუთვნება 20 მილიონზე მეტი მოქალაქე; განადგურებულია სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენასაც ათწლეულები და ათეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდება; პროექტმა - „უფრო მეტი უკრაინა NATO-ში და უფრო მეტი NATO უკრაინაში“ - კატასტროფა განიცადა; „ყველაზე ოპტიმისტებისთვისაც“ ნათელი გახდა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იმთავითვე, მოლა ნასრედინისა და ვირის იგავი იყო; იმედი, სახელად „კონტრშეტევა“ ბლეფი აღმოჩნდა და ა.შ.

 

პარალელი უახლესი ისტორიიდან: აღქმა - 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გაიმარჯვა; ფაქტი - მოხდა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია; საქართველოში დაბრუნდა რუსული სამხედრო ბაზები; დამატებით მივიღეთ ათიათასობით დევნილი; ომზე ჩამოიწერა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა; სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი, „რატომღაც“, აღმოჩნდა რუსული ფირმების ხელში და ა.შ.

 

  1. ნეოლიბერალური აღქმა - ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა; ფაქტი - ამერიკის შეერთებული შტატები დაუფარავად, დღეს უკვე ყველა უკადრებელი ხერხით, ცდილობს, უპირობო გავლენა მოიპოვოს რუსული ოკუპაციისგან თავისუფალ 80%-ზე; მიმდინარეობს ქართველი ხალხის რვაგზის რჩეული „ქართული ოცნებისთვის“ მართვაში ხელის შეშლის თერთმეტწლიანი უწყვეტი პროცესი; მიმდინარეობს ღია ბრძოლა საქართველოს კოლონიზაციისა და შემდგომ ამისა, ქართველი ერის საზარბაზნე ხორცად გამოყენების მიზნით; პოლიტიკაში ყველაზე ჩაუხედავებისთვისაც ცხადი გახდა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ამოცანას ყველაფერზე ხელისმომწერი „თავისი ნაძირალების“ ხელისუფლებაში მობრუნება წარმოადგენს; „NATO-ს კარი ღიაა“ - უბნის ბირჟებზე საშაყირო თემად იქცა; დღესავით ნათელია, რომ „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“ არის გლობალური ომის პარტიის პროექტი, რომელიც ეროვნულ მთავრობასთან ბრძოლის, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისა და შედეგად, მეორე ფრონტის გახსნის ინსტრუმენტია მხოლოდ და ა.შ.

 

ისტორია მეორდება. 1801-1991 წლების რუსული მემკვიდრეობის, „უფროსი ძმის“ როლის ხელში ჩაგდებისთვის ყველა რესურსი, ყველა მექანიზმი მოქმედებაშია მოყვანილი. მაგრამ... აქ არის ერთი „მაგრამ“ - სამყარო დღეს სხვანაირია, ხოლო პოლიტიკური პროცესი - კომპლექსური და მრავალსუბიექტიანი და რაც მთავარია - მეფე შიშველია(!).

 

 

ბიძინა  დვალი

17.07.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner