მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. სამსახურის ბენეფიციარებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ ოპტიკური საშუალებები ( 160 სათვალე);
უფასო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 82 ბენეფიციარმა, რომელთაგან 41 ვეტერანი, ხოლო 41 ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. განხორციელდა 110-ზე მეტი სამედიცინო ვიზიტი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ზვიად საბაშვილი, სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი გია ედილაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა- საქართველომ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, დღეის ჩათვლით, უსასყიდლოდ გაუწია კვალიფიციური მომსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 723 ბენეფიციარს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.