logo_geo
eng_logo
რა უნდა მოხდეს ციხეებში?- „ნაციონალების„ ორი გეგმა არჩევნებამდე...
- +

5 სექტემბერი. 2016. 23:45


„ნაციონელებს" დასაკარგი აღარაფერი აქვთ - ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები მათ სასარგებლოდ ვერ დამთავრდება, ამიტომ, თუ ვინმეს საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად ჩატარება არ სურს, ეს სწორედ ისინი არიან. ისინი ყველა ზომას მიმართავენ, რომ ქვეყანაში ვითარება ძველი მეთოდებით დაძაბონ, პროვოკაციები მოაწყონ და საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანონ.


„ვერსიისთვის" ცნობილი გახდა ერთ-ერთი გეგმის შესახებ, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის რიგებში აქტიურად განიხილავენ. ეს გეგმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ეხება ანუ ნაციონალები ამ უწყების მიმართ "შავი პიარის" აგორებას ცდილობენ და უნდათ, საზოგადოებაში შექმნან აზრი, რომ საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები თითქოს ისევ ხდება.


ნაცები ე. წ. დაზარალებულებსაც ეძებენ, ასევე მათ მიერ დაფინანსებულ "უფლებადამცველ ორგანიზაციებს", რომლებიც ამ ტყუილის ტირაჟირებას მოახდენენ.


ამ გეგმის განხორციელება დღეს არცთუ მარტივია, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ კახიშვილის უწყებაში მსგავსი არაფერი ხდება და დღეს ეს უწყება ისეა გახსნილი, როგორც არასდროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად პატიმრებმა ხომ კარგად იციან -საპატიმრო დაწესებულებებში მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ამასთან, არაერთმა საერთაშორისო მისიამ უწყებაში გატარებული რეფორმები და საპატიმროში არსებული პირობები პოზიტიურად და პოსტსაბჭოთა სივრცეში სამაგალითოდ შეაფასა.


ამიტომ, ეს გეგმა კი განიხილება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედგეს.


"ვერსიის" ინფორმაციითვე, არსებობს გეგმა B-ც, რომელიც კახიშვილის უწყებაში, გრძელვადიან პაემნებს ეხება. ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს სურთ, მოახდინონ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, თითქოს სასჯელაღსრულების სამინისტრო გრძელვადიანი პაემნების დროს ფარულ ჩანაწერებს აკეთებს. სექსუალური ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს კი, პატიმრების წინააღმდეგ კომპრომატებად იყენებენ. ნაციონალები ამ გეგმას აქტიურად განიხილავენ და ცდილობენ, "დადგან" გრძელვადიანი პაემნის ერთ-ერთი სცენა, რომელსაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებენ და ამით საზოგადოებას მმართველი გუნდის წინააღმდეგ განაწყობენ. ამით ეცდებიან, გააჩინონ განცდა, თითქოს განსხვავება არაა ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის.


სქემას, რომელსაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში "ხარშავენ", "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აფასებს. კაკაბაძის თქმით, იმისთვის, რომ ეს გეგმა სისრულეში მოიყვანონ, თვითონ პატიმრებს უნდა ჰქონდეთ კახიშვილის უწყების მიმართ პრეტენზიები.


ასეთი პრეტენზია რომ არსებობდეს, პირველ რიგში, ეს ჩვენ და ადვოკატებს ანუ მათ გვეცოდინებოდა, ვინც პატიმართა უფლებებს ვიცავთ.

 

დღეს ვერც ერთი ადვოკატი ამას ვერ გეტყვით. მერწმუნეთ, ვინმეს რომ ჰქონოდა მსგავსი ინფორმაცია, აუცილებლად გვეცოდინებოდა. ამას ახლა ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადვოკატებიც კი არ ამბობენ. ასე რომ, ნაციონალურმა მოძრაობამ რაც უნდა თქვას, არავინ დაიჯერებს, თუმცა, თუ ამ პროვოკაციის აგორებას აპირებენ, ეს უნდა იყოს სისტემური დანაშაული და ყველაფერ ამით სისტემა უნდა იყოს დაინტერესებული. სისტემას ეს ინტერესები არ გააჩნია, სისტემური რომ იყოს, ამის შესახებ არაერთი პატიმარი იტყოდა და ამის განხორციელება ანუ თემის აგორება გაუადვილდებოდათ.

დღეს არც ხელისუფლებას და არც კახიშვილის უწყებას არ გააჩნია არავითარი ინტერესი და შესაბამისად, ეს არც იმუშავებს, რადგან აშკარა ტყუილია", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.


ექსპერტი მამუკა არეშიძე ასევე მიიჩნევს, რომ ნაცების ეს გეგმა თავიდანვე განწირულია:


"დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა ჩაუვარდებათ. იმის შესახებ, თუ რა ხდება სასჯელაღსრულების უწყებაში, მედიასაშუალებები ინფორმაციას ფლობენ. მსგავსი ფაქტები რეალური რომ იყოს, ამის თაობაზე ბევრ ადამიანს ეცოდინება, მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელს. როგორც წესი, ასეთი ტიპის ინფორმაციაზე მედია დღეს სწრაფად რეაგირებს. შეუძლებელია, კახიშვილის უწყებაში ასეთი რამ ხდებოდეს.

 

რაც შეეხება ნაციონალების განზრახვას, არ მგონია, ეს გეგმა განხორციელდეს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს უნარი და მეთოდოლოგიაც, ნებისმიერი ტიპის მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტები გამოიყენოს ან იმისთვის შეთხზას, რომ მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, თან ზემოქმედება ისეთი ფორმით, როგორიც თვითონ აწყობს.

 

არ არის ეს პრიმიტიულ-პროვოკაციული გეგმა. მსგავსი თემები განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანებზე, რაც ძალიან კარგად იციან და კარგი გათვლაც აქვთ. თუ მაინც განახორციელებენ, ამის გავრცელება ისე მოხდება, ნაკლებად იქნება ასოცირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ მისი რევანშის სურვილი არ გამოჩნდეს, თუმცა, ვთვლი, რომ რაკი ამ ინფორმაციამ უკვე გაჟონა, ამის გაკეთებას აზრი აღარ ექნება.

ვთქვათ, ვიღაც მიდის პაემანზე ქმართან, ხომ შეიძლება, ეს იყოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, ვთქვათ, მას ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა ამისთვის და ჩანაწერი გააკეთოს.

 

ტექნიკურად, როგორ მოახერხებენ ამას, არაა რთული წარმოსადგენი, რადგან, სამწუხაროდ, არსებობს სისტემები, სადაც ჯერ კიდევ არიან ნაციონალური მოძრაობის ის მხარდამჭერები, რომლებიც თავის დროზეც უწყებაში იყვნენ. ან არსებობენ ადამიანები, რომლებზეც აქვს კომპრომატები ნაციონალურ მოძრაობას და შეუძლიათ, მათი მეშვეობით ასეთი გეგმა განახორციელონ", - აცხადებს არეშიძე.


"ნაციონალური მოძრაობისგან ყველაფერია მოსალოდნელია, რადგან მას პოლიტიკური მომავალი, პრაქტიკულად, აღარ აქვს, დღევანდელი საარჩევნო ფონიდან გამომ¬დინარე. არანაირი შანსები აღარ გააჩნია", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია და დასძენს:


"მათი არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ცდილობს, პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენა იქონიოს. ფაქტია, მას რამდენიმე არაოფიციალური, გასამხედროე¬ბული ფორმირება ჰყავს საქართველოში და ყველანაირად შეეცდება, პროვოკაციები დაგეგმოს.

 

წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ჯალათები და სწორედ ისინი სჩადიოდნენ სისტემურ დანაშაულებს.

ნაცებმა გარკვეული ტიპის ფორმირებები სწორედ მსგავსი ქმედებების ჩასადენად შექმნეს. გავიხსენოთ, თუნდაც, საიდუმლო სამალავები და არავინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი სამალავი არსებობს. ვიცით, რომ სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამალავი გამოიყენეს ბოლო დროს დაგეგმილი ერთ-ერთი ტერაქტის მომზადებისას.

 

სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას კვლავ აქვს წვდომა ძალოვან სტრუქტურებში. იქ არის ხალხი, რომელზეც უამრავი კომპრომატი არსებობს.

 

ნაციონალური მოძრაობა შეეცდება, მიმართოს ყველანაირ გზას, რათა სისრულეში მოიყვანოს გეგმა, თუმცა ეჭვი მეპარება, მისი განხორციელება შეძლოს. ამის დამგეგმავები არ გამოირჩევიან დიდი ორიგინალობით და ჩარჩნენ ძველ მეთოდებში. თუ ასეთ პრიმიტიულ დონეზე აპირებენ პროვოკაციას, ვაი, მაგათ პატრონს. ვურჩევდი, უფრო "შემოქმედებითი ფხა" გამოეჩინათ!

 

როგორც ჩანს, მათ დიდი ილუზიები ისევ აქვთ და ჰგონიათ, რომ ძველი მეთოდების გამოყენებით, ხელისუფლებაში მობრუნებას შეძლებენ, რაც გამორიცხულია!

 

მაქვს გარკვეული ინფორმაცია, თუ როგორი ვითარებაა დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში, რადგან ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ციხეშია. მათთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს და დღეს ამ სტრუქტურაში ვითარება შეცვლილია. ვთვლი, რომ კახიშვილის უწყება დღეს ყველაზე რეფორმირებული სტრუქტურაა ძალოვანი სტრუქტურე¬ბიდან, თუნდაც საკადრო კუთხით. დღევანდელი მინისტრი მართლაც, ოპტიმისტი და რეფორმატორია. მან სერიო¬ზული რეფორმები ჩაატარა", - ამბობს მაისაია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner