დავით ქართველიშვილი: აშშ-ში ხელმოკლე ოჯახებიდან გაჰყავთ ბავშვები მინდობით აღზრდის სისტემისთვის გადასაცემად ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ ასეთ ოჯახებს, შეცვლილი სოციალური პოლიტიკის გამო კი 3.7 მლნ ბავშვი გადავიდა სიღარიბეში
-
+
17 ივლისი. 2023. 15:45
„Human Rights Watch-ის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით აშშ დასახელებულია, როგორც სისტემური რასიზმის ქვეყანა, სადაც ეს ბოროტება გამჯდარია ბევრ სახელმწიფო ინსტიტუტსა და სტრუქტურაში. ანგარიშში ტერმინი „სისტემური რასიზმი“ ნახსენებია ორჯერ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, Human Rights Watch-ისგან განსხვავებით, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ანგარიში ხშირად შედარებით „ლმობიერ ინფორმაციას გვთავაზობს აშშ-ში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„ჩინეთის სახელმწიფო საბჭო ყოველწლიურად აქვეყნებს აშშ-ში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს. მეც გთავაზობთ ხოლმე მას გასაცნობად საიტზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. თუმცა ყოველთვის არსებობს რაღაც უნდობლობის „კოეფიციენტი“ ჩინური წყაროების მიკერძოების მიმართ, მაგრამ ეს „უხერხულობა“ მყისიერად ქრება, როდესაც ეცნობი Human Rights Watch-ის მიერ ანალოგიურ ანგარიშს, სადაც აღმოაჩენ, რომ „ჩინური“ მონაცემები უფრო „ლმობიერ“ ინფორმაციას გვთავაზობენ (მაგალითად, HRW-სთან შედარებით, 3,7 მილიონ გაღატაკებული ბავშვის ნაწილში, ჩინეთი საუბრობს 3,3 მილიონზე). შესადარებლად და ზოგადი ინფორმირებულობის მიზნით, გავეცნოთ აშშ-თან მიმართებით Human Rights Watch-ის 2023 წლის ანგარიშს, სადაც:
- აშშ დასახელებულია, როგორც სისტემური რასიზმის ქვეყანა, სადაც ეს ბოროტება გამჯდარია ბევრ სახელმწიფო ინსტიტუტსა და სტრუქტურაში. ანგარიშში ტერმინი „სისტემური რასიზმი“ ნახსენებია ორჯერ;
- გაკრიტიკებულია აშშ-ის საპოლიციო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში აშშ-ის პოლიციამ 400 ადამიანი მოკლა და საპოლიციო დაწესებულებების უმრავლესობა არ ამჟღავნებს ინფორმაციას მათ მიერ ძალის გამოყენებაზე. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით პოლიცია კლავს 3-ჯერ მეტ შავკანიანს, ვიდრე თეთრკანიანს;
- გაკრიტიკებულია სოციალური პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ აშშ-ის ბავშვთა კეთილდღეობის სტრუქტურები ძალიან ხშირად სიღარიბის გარემოებებს უპასუხებენ დასჯით. ხელმოკლე ოჯახებიდან გაჰყავთ ბავშვები მინდობით აღზრდის სისტემისთვის გადასაცემად ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ ასეთ ოჯახებს. ყოველ 3 წუთში ერთხელ აშშ-ში ბავშვს აშორებენ ოჯახს. არაპროპორციულად დაზარალდნენ შავკანიანები და ამერიკის ძირძველი მოსახლეობა;
- აშშ-ის შეცვლილი სოციალური პოლიტიკის გამო 3.7 მლნ ბავშვი გადავიდა სიღარიბეში;
- გამწვავდა სოციალური უთანასწორობა და გარკვეული თვალსაზრისით 40 წლით დაიხიეს უკან. კერძოდ, ამერიკის ოჯახების ყველაზე მდიდარი 1% ფლობს მთლიანი კერძო სიმდიდრის დაახლოებით ერთ მესამედს, რაც აქამდე ბოლოს 40 წლის წინ მოხდა;
- გაკრიტიკებულია მართლმსაჯულება. აღნიშნულია, რომ აშშ-ის ციხეებში ათეულობით პატიმარი იხდის სასჯელს ბრალის წაყენების და მსჯავრის დადების გარეშე, სასამართლო პროცესის გარეშე და მათი უმეტესობა 20 წელზე მეტია, რაც ციხეში ზის“, - წერს დავით ქართველიშვილი.