ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა თავდაცვის ძალებისა და ზოგადად, ქვეყნისთვის „თავდაცვის კოდექსის“ მნიშვნელობა და მასში გათვალისწინებულ არსებით ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, კოდექსზე მუშაობისა და განხილვის პროცესში, გარკვეული ნიუანსების გადახედვა მოხდა, თუმცა პროექტის კრიტიკის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა: „კოდექსი კანონთა კრებულს, სამართლებრივი აქტების ერთობლიობას წარმოადგენს. არ შეიძლება სამართლებრივი აქტების ერთობლიობას რაიმე წინააღმდეგობა მოჰყვეს, თუ ეს ობიექტური მიზეზით არ იქნება გამოწვეული. მასზე იმუშავა არა მარტო თავდაცვის სამინისტრომ, არამედ, მუშაობისას გავაფართოვეთ პირთა წრე, რათა საზოგადოების მეტი ჩართულობით, კონსტიტუციური და სხვა სახის რისკები არ ყოფილიყო, მაქსიმალურად დახვეწილი კოდექსი მიგვეღო“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ „თავდაცვის კოდექსის“ კონკრეტული უპირატესობები და მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები დაასახელა და აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსი წვევამდელების ეროვნული სამხედრო სამსახურის გარდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით სხვა აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებსაც არეგულირებს და გარკვეულ ჩარჩოში აქცევს.
„კოდექსი გადაჭრის პრობლემურ საკითხს წვევამდელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის, დაარეგულირებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს. ჩვენი კომპლექსური ქმედებებით, რაც კოდექსის პარალელურად, აქტებში მივიღეთ მივაღწევთ მიზანს, რაც პარტნიორებთან ერთად დავისახეთ და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პრიორიტეტი უნდა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას გადინების ტენდენციის მკვეთრად შემცირებასა და შემოდინების გაზრდის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.