აუსტრევიჩუსი, სულ მცირე, უზრდელია, რა ენითაც საუბრობს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ კოლექტიური ბანდაა და მათი ინტერესი კოლექტიური უსაფრთხოების დაცვა არ არის.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აუსტრევიჩუსმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში არანაკლები როლი აქვს შეტანილი და შეიძლება, უფრო მეტიც, ვიდრე მის ქვეყანას.
„რა ენითაც ის [აუსტრევიჩუსი] საუბრობს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მას პოლიტიკასთან კი არა აქვს საერთო, ის არის მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის მატარებელი, თუ მაინცდამაინც ბანდაზე აქვს ლაპარაკი. ეს ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე, უზრდელი. ახლა რომ გამოიღვიძა, უნდა კარგად იცოდეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს, ისე, რომ არასდროს იყო ამ კოლექტიური უსაფრთხოებით დაცული, აქვს არანაკლები წვლილი შეტანილი, ვიდრე მის ქვეყანას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური ბანდა“ უწოდა. მან ეს განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.