საბერძნეთის კურორტ ლუტრაკში ტყის ხანძრის გამო, საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
საკურორტო ქალაქი ათენიდან 81 კილომეტრში მდებარეობს. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.
ბერძნული მედიის ცნობით, ძლიერი ხანძარია ასევე ქალაქ კოუვარასთან. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია 50 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა, ასევე ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენები. ბერძენ მეხანძრეებს ეხმარებიან რუმინელი კოლეგებიც.
გასულ კვირას საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც აკროპოლისი დამთვალიერებლებისთვის დროებით დახურეს.