უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ თურქეთსა და გაეროს მიმართა წინადადებით, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირება რუსეთის გარეშე გაგრძელდეს.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთთან არანაირი შეთანხმება არ გაუფორმებია, ხოლო მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა თურქეთთან და გაეროსთან.
„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშე. ის კვლავ მოქმედია. ერთადერთი, რაც ახლა რჩება, არის მისი გულდასმით განხორციელება და მსოფლიოს მხრიდან მტკიცე ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შეუძლიათ ერთობლივად უზრუნველყონ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება და გემების შემოწმება. და ეს აუცილებელია ყველასათვის მსოფლიოში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება აღარ მოქმედებს. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთთან დაკავშირებული ვალდებულებები შესრულდება, მოსკოვი შეთანხმების რეალიზებას მიუბრუნდება.