აშშ და ევროპა როგორც შეუძლიათ ცდილობენ მიაწოდონ უკრაინას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რომელიც მას დასჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი კონტრშეტევისთვის,ხოლო დასავლელი ოფიციალური პირები ჩქარობენ გააძლიერონ წარმოება, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტი ბრძოლის ველზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს კიევის წინსვლა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით აშშ და ნატო უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის დეფიციტის დაძლევას ცდილობენ.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ არსებობს საბრძოლო მასალის გარკვეული დონე აშშ-ის მარაგებში მთელ მსოფლიოში -საგანგებო რეზერვი- რომლის გამოყენება სამხედროებს არ სურთ. ამ მარაგების დონეები გასაიდუმლოებულია.
თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ წითელ ხაზს უახლოვდება უკრაინისათვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდების ფონზე.
აშშ-მა საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა გასულ წელს დაიწყო, როდესაც აშკარა გახდა, რომ ომი მოსალოდნელზე ბევრად მეტხანს გაგრძელდებოდა. თუმცა, საბრძოლო მასალის მასობრივ წარმოებას ჯერ კიდევ „წლები“ დასჭირდება, - განუცხადა კვირას CNN-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
გერმანიის სამთავრობო წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ ბერლინმა გადადგა ნაბიჯები საბრძოლო მასალის მარაგში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და საბრძოლო მასალის მარაგის გაზრდის მიზნით.
დიდი ბრიტანეთი დამატებით 2.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს მარაგებსა და საბრძოლო მასალაში და ასევე გაზრდის „ინვესტიციებს დიდი ბრიტანეთის საბრძოლო მასალების ინფრასტრუქტურის მდგრადობასა და მზადყოფნაში, მათ შორის საწყობებში“.