"უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიადგა, ათობით ათასი ადამიანი დაღუპულია, 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, ამ ტრაგედიის და გამოწვევების ფონზე როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულანტზე აკეთებ კომენტარებს, კითხვის ნიშნები ისმის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველივე ეს ამყარებს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მთავრობის მტკიცებულებებს, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდათ.
„მთელი მსოფლიო გადართულია იმაზე, რომ, ამხელა მოლოდინი იყო უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ გენერალ მილის შეფასებები, რომელმაც თქვა, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კონტრშეტევები უკრაინაში. უკრაინის მთელი ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული, ტრილიონ დოლარზე მეტი არის ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა. ათობით ათასი ადამიანი არის დაღუპული და უკრაინის 20 მლნ მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში. ზოგმა ქვეყანა დატოვა, ამბობენ, რომ 7-10 მილიონი შეიძლება იყოს, მეორე ათმა მილიონმა ქვეყნის შიგნით გადაინაცვლა, ანუ დროებით იძულებით გადაადგილებული პირია. აი ამ ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, ვინც არ უნდა იყოს, გვარს აღარ გავიმეორებ, თქვენ ახსენეთ წეღან, გნებავთ არახამია, გნებავთ ნებისმიერი, როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ, სიმულანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით რაღაც დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და ჩვენს მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ მანამდე ისედაც გვქონდა. აი ეს არის მთელი ფილოსოფია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.