logo_geo
eng_logo
თბილისში მშობიარე ქალის დაღუპვის საქმეზე 2 ექიმს პატიმრობა მიუსაჯეს
- +

19 ივლისი. 2023. 23:17

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობიარე ქალის დაღუპვის საქმეზე ორი ექიმი დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის გადააბარა ერთ-ერთ ექიმს, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ ექიმს შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.

მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზიაშეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა.

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა“, — აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს.

გარდაცვლილი მშობიარე ნატალია აბრამიშვილი იყო, რომლის მდგომარეობაც ბავშვის დაბადებიდან მალევე დამძიმდა და სხვა კლინიკაში გადაყვანისას დაიღუპა. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ექიმებმა კლინიკა „ნინოში“ პაციენტს სათანადო დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner