"ჩვენ ველოდით უფრო მეტს და რბილად რომ ვთქვათ ამ განცხადების შინაარს არ ვეთანხმებით, "- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედში“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებას.
„მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან წუხილის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი [განცხადება[ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი“, - აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე - გადაიხედება თუ არა ამ ექიმებთან თანამშრომლობის საკითხი, რატი ბრეგაძე ასე პასუხობს:
„თანამშრომლობას რაც შეეხება, ეს არის ორმხრივი, ცალმხრივი მეგობრობა და თანამშრომლობა არ არსებობს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, დავრჩით ჩვენი პირობის ერთგული და მათ შორის პოლონეთის საელჩოს რეკომენდაციით შევუშვით ეს ექიმები მსჯავრდადებულთან, თუმცა მათი მხრიდან არ იყო სათანადოდ გადმოდგმული ნაბიჯი და შესაბამისად, ამ ექიმის შემდგომ დაშვებას ვერ იქნება მათი თხოვნა ჩვენი მხრიდან გაზიარებული. თუმცა, ჩვენ ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ გასულ წელს, რაც შეეხებოდა სააკაშვილისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მას ჩამოეყვანა საქართველოში მისთვის სასურველი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამიერიდან ოჯახს ექნება ისევ შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ უცხოელი ექიმი, თუმცა ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება, რადგან მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ისევე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო“, - აღნიშნა ბრეგაძემ.