"უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები და შემდგომში იგივე საქართველოს ელჩისთვის იმის მოწოდება, რომ დაეტოვებინა უკრაინა და წამოსულიყო საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება და პრაქტიკულად ამის მაგალითები არ არსებობს," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს და შემდგომში იგივე საქართველოს ელჩისთვის იმის მოწოდებას, რომ დაეტოვებინა უკრაინა და წამოსულიყო საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება და პრაქტიკულად ამის მაგალითები არ არსებობს. საქართველოს ელჩი ბატონი ზაქარაშვილი ქართველ დიპლომატებთან ერთად იმყოფებოდა კიევში მაშინ, როდესაც ეს ქალაქი იბომბებოდა და პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური მისია გასული იყო უკრაინის დედაქალაქიდან. პირადად მქონდა რამდენჯერმე შესაძლებლობა ამ ადამიანთან მესაუბრა და მათ შორის სატელეფონო საუბრის დროს ისმოდა აფეთქებების ხმა. ადამიანს, რომელიც უკრაინელი ხალხის გვერდით იდგა ასე ვაჟკაცურად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოუწოდო, რომ დატოვოს უკრაინა და წამოვიდეს საქართველოში კონსულტაციების გასამართად იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც იხდის საქართველოში, სუვერენულ სახელმწიფოში სასჯელს, და ყველაფერი მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, არის სრულიად გაუგონარი. რაზე უნდა გამართოს საქართველოს ელჩმა საქართველოს ხელისუფლებასთან მაშინ, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი?! ადამიანი იხდის სასჯელს და მისი გათავისუფლების არცერთი ფორმალური საფუძველი არ არსებობს. მას სასამართლომ უარი უთხრა ჯანმრთელობის მოტივით სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე და ასევე სტრასბურგის სასამართლომაც უარი უთხრა სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანაზე“, - განაცხადა მინისტრმა.