ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს LIBE-ს კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომ საქართველოს ამ პროცესში ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალპარტიულად იყო მხარდაჭერილი. მას პრაქტიკულად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი როგორც წინასწარ, სამოქმედო გეგმაზე, ასევე შემდგომ ევროპარლამენტარებთან და საბჭოსა და კომისიაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა ინსტიტუციისგან. ამიტომ, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას კომიტეტის 44 წევრმა მისცმა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო დისკუსიას გამართავენ.