საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშის კენჭისყრას გამოეხმაურა. მისი თქმით, LIBE-ს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტიურად დგას ევროკავშირის დღის წესრიგში.
„LIBE-ს კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველ რიგში, კენჭი ეყარა მოხსენებას საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია ყველა ის რეფორმა და განხორციელებული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რაც საჭიროა ვიზა-ლიბერალიზაციისთვის. სწორედ ამ მიმართულებით გამოიხატა მხარდაჭერა ევროკავშირის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან.
მეორე მხრივ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა არამარტო ტექნიკური შეფასების და განხორციელებული ქმედებების, არამედ ევროკავშირის და ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გადაწყვეტილება იმ პროცესში, რომელიც საკმაოდ რთული და კომპლექსურია.
დღეს ამ კენჭისყრით მიეცა უფლება მომხსენებელს საქართველოს ვიზალიებრალიზაციის საკითხზე, რათა მან დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, რომლებიც არის ევროკავშირის საბჭო და ევროკავშირის კომისია. ამ ე.წ. ტრილოგიის ფარგლებში მოხდება ტექსტზე შეჯერება, რომელიც გახდება საწინდარი უკვე შემდეგ პლენარულ სესიაზე ამ საკითხის განხილვის და საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების", -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.