logo_geo
eng_logo
ივანიშვილი კვირიკაშვილზე: ერთი მანქანით გადაადგილდება რეგიონებში, საერთო ფულის ყველა თეთრის დახარჯვას განიცდის
- +

6 სექტემბერი. 2016. 10:49



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მოქმედ მეთაურს გიორგი კვირიკაშვილს დადებითად აფასებს.


როგორც მან გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, კვირიკაშვილი პატრიოტი, კარგი ფინანსისტი და მენეჯერია.


„ქვეყანას მართავს ხალხი, ვისაც ქვეყანა უყვარს, ვინც სამშობლოზე ზრუნავს. გარწმუნებთ, კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის საკუთარი სავარძლის შენარჩუნება. ის დიდი პატრიოტია, აქვს უამრავი გამოცდილება, კარგი ფინანსისტი, ეკონომისტი, მენეჯერია. მოკლე დროში აჩვენა, რომ არის მაგარი დიპლომატი. მთელ ევროპას და ამერიკას თავი შეაყვარა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. უპატიოსნესი კაცია. ერთი მანქანით გადაადგილდება რეგიონებში, განიცდის საერთო ფულის ყველა თეთრის დახარჯვას. საოცრად მოწესრიგებულია", - განაცხადა ივანიშვილმა.


ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეადარა და აღნიშნა, რომ მას კვირიკაშვილის მსგავსი არც ერთი თვისება არ გააჩნია.

 

„უსუფაშვილს არ აქვს მსგავსი თვისებები, რაც კვირიკაშვილს, რაც ჩამოვთვალე. პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ჩვენივე დახმარებით გახდა, ამას გვამადლის მუდამ. კვირიკაშვილმა ყველაფერს საკუთარით მიაღწია. არ მოგვივიდეს ისე, თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. ზედმეტად გაერთო საზოგადოება და ეძებენ მესამე ძალას", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.


ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება" კვირიკაშვილის მეთაურობით იმ სტანდარტებს ინარჩუნებს, რაც მან ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დატოვა.

 

„ისინი ხალხსა და ქვეყნაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ. გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ასეთი კაცია. დღეს „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს", - განაცხადა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner