logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა
- +

21 ივლისი. 2023. 22:44

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13 -21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით.

მისიის დასასრულს ჯეიმს ჯონმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს.

საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება. საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როდესაც კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა.

ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3-პროცენტიანსამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ინფლაციის შემცირება, ნაწილობრივ, სასაქონლო პროდუქტების ფასების კლებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. თუმცა საბაზო ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, მიგრანტების შემოდინების გამო საცხოვრებლის ქირის გაზრდილი ფასის და შრომის ბაზარზე სიმჭიდროვის ზრდამ გამოიწვია. ინფლაციის მის სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შენარჩუნების გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 50 საბაზისო პუნქტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა. ფინანსური სექტორი მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მოსთხოვა რა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ პროგნოზს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.

სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ველოდებით, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. საბაზო ეფექტის და ლარის გამყარების გავლენით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით წლიურ 0.3 პროცენტამდე. 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

ამასთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით.

ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსურ სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურის დევნება“, – განაცხადა ჯონმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით.

2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე“, – აღნიშნა მან.

ჯეიმს ჯონის თქმით, უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, ვიდრე საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება.

გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

მისივე განცხადებით, სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა.

სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდლი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვას, განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში.

სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას პროდუქტიული დისკუსიისთვის. მისია შეხვდა ქალბატონ თურნავას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს; ბატონ ხუციშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს; ბატონ დავითაშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში და ასევე, მეოთხე მუხლის კონსულტაციების (Article IV Consultations) ფარგლებში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის ვითარება იქნება მიმოხილული“, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner