logo_geo
eng_logo
გენადი არველაძემ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოში შეხვედრები გამართა
- +

23 ივლისი. 2023. 11:26

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მმართველ დირექტორს კარლოს დეხუანას შეხვდა.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი.

 

განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით კი, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), განხორციელდა საქართველოში არაერთი დარგის დაფინანსება და მხარდაჭერა, როგორიცაა ჯანდაცვა, ტურიზმი, ლოგისტიკა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა აღნიშნული ოფისის საქართველოში გახსნის თაობაზე თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს და  ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

 

გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნება.

 

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკისთან.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური მიმართულების მზაობაზე, შეუფერხებლად მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადებს აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ასევე, განხილული იყო ენერგო უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით მიმდინარე მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებულ პროგრესს.

 

გენადი არველაძემ ალექსანდრე სოკოლოვსკის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს. მან ყურადღება გაამახვილა USAID-ის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე ქვეყნის ეკონომიკის ისეთი სექტორების განვითარებაში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვ. ასევე ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც სააგენტო ეწევა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის, აგრეთვე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

 

თავის მხრივ, შეხვედრაზე USAID-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გატარებული რეფორმები და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში საქართველოს მიერ სტაბილურად მოწინავე პოზიციების დაკავებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner