ავტორი თაკო კვარაცხელია
უდიდეს ქართველ ლოტბარს და ფანტასტიკურ მომღერალს (ტენორს) მიხეილ მცურავიშვილს იმდენად საინტერესო ცხოვრება აქვს განვლილი, რომ რთულია, მასთან ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტოს ფორმატში ჩაატიო, თუმცა, მე და ბატონი მიხეილი ამ არცთუ ისე იოლი მისიის შესრულებას, ერთობლივად მაინც შევეცადეთ... „რეპორტიორის“ სტუმარია ლეგენდარული ანსამბლის „გორდელას“ წევრი, ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, გორის ვაჟთა გუნდის დამაარსებელი მიხეილ მცურავიშვილი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებები.
- ბატონო მიხეილ, როგორც საქვეყნოდაა ცნობილი, თქვენი მუსიკასთან კვეთა არცთუ ისე ადრეული ასაკიდან დაიწყო. ნოტების სწავლა 18 წლისამ დაიწყეთ... რატომ ასე გვიან და როგორ მოხდა, რომ უდიდესი ქართველი ლოტბარი 18 წლამდე მუსიკასთან პროფესიონალურად არ გადაკვეთილა?
- მე შეიძლება ღმერთმა დამაფერთხა ნიჭი, მაგრამ სამწუხაროდ, ცხოვრებამ იმდენად არ შემიწყო ხელი, რომ ბავშვობიდან მესწავლა ის, რაც შემდეგ, მთელ ჩემს ცხოვრებას მოიცავდა. ჩემი მშობლების განქორწინებამ ჩემს ბავშვობას ძალიან მტკივნეული კვალი დაატყო... მიუხედავად იმისა, რომ მამას და დედას უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მათმა ქორწინებამ დიდ ხანს მაინც ვერ გასტანა... დედა ეჭვიანი ქალი იყო და მამას პატარა შეცდომა არ აპატია. ამ გადასახედიდან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვები უმამოდ არ უნდა იზრდებოდნენ! ამ ფაქტმა ბევრი რამე გადაწყვიტა ჩემს ცხოვრებაში და უზარმაზარი დანაკარგი განვიცადე. შემიძლია გითხრათ, რომ დანაკარგის გრძნობა აქამდე მომყვება.. რაც შეეხება ჩემს მუსიკასთან კვეთას, დღემდე ვნანობ, რომ 18 წლამდე ნოტის კითხვა არ ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის გარდა, არაფერი მაინტერესებდა, იძულებით ფილოლოგიურზე მომიწია ჩაბარება, კონსერვატორია კი, გვიან ასაკში დავამთავრე, მაშინ უკვე, თითქმის 30 წლის ვიყავი.
- კონსერვატორიამ თქვენ ისეთ დიდებულ მუსიკოსებთან დაგაკავშირათ, როგორებიც ანზორ ერქომაიშვილი და თემურ ქევხიშვილი იყვნენ, თქვენი ცხოვრება კი, სამუდამოდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს. რომ მოგვიყვეთ თქვენი სტუდენტური წლების შესახებ...
- დიახ, ნამდვილად ასეა... ჩვენ ერთად გავიარეთ ცხოვრების ეს გზა. დაგვიანებული იყო კონსერვატორიის დამთავრება 30 წლის ასაკში. რა დასამალია და, ახლაც მიჭირს პარტიტურების კითხვა. მე, ანზორ ერქომაიშვილმა, გომარ სიხარულიძემ, თემურ ქევხიშვილმა ერთად დავამთავრეთ კონსერვატორია, მაგრამ პარტიტურის კითხვის პრობლემა სულ ჰქონდა ჩვენს ჯგუფს. ეს სინანული და უკმაყოფილების გრძნობა მთელი ცხოვრება გამოგვყვა. უკვე სტუდენტები ვიყავით, როცა ჯარში წაგვიყვანეს, სავალდებულო იყო მაშინ ჯარი... იღბლიანი ადამიანი ვარ და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ალექსანდროვის სახელობის ანსამბლში მოვხვდი. იქ ყოფნისას ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მახსოვს, როდესაც ჯარისთვის რენტგენზე მატარებდნენ, პოლკოვნიკი ქალი კითხულობდა ჩემს მონაცემებს, როცა ნახა, რომ კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, გამიღიმა და მკითხა, „Разве мало безделников в Грузий, что дирижоров тоже берут в армии“-ო და გამიცინა. ალექსანდროვის ანსამბლში უდიდესი გამოცდილება შევიძინე, გუნდში სოლისტად დარჩენაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი - სამშობლო, დედა და ჩემი მეგობრები გაუსაძლისად მენატრებოდნენ... თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მე მათთან კავშირი არ გამიწყვეტია და წლების განმავლობაში, უკვე მამია ხატელიშვილის ანსამბლთან თუ „გორდელასთან“ ერთად ჩავდიოდი მათთან და უამრავი მოგონებაც მაკავშირებს ანსამბლის დანარჩენ წევრებთან.
- მამია ხატელიშვილი ახსენეთ. რომ გაიხსენოთ, როგორ მოხვდით დამსახურებული ქართველი არტისტისა და კომპოზიტორის კვარტეტში...
- მამიას ძმა, ოთარ ხატელიშვილი დიდი მარკ რეიზენის მოწაფე, როგორც მოგეხსენებათ, ფიოდორ შალიაპინის შემდეგ, მასშტაბით, მეორე შემსრულებელი იყო... სწორედ მან დაურეკა თავის ძმას, მამიას და უთხრა, მოსკოვიდან საოცარი პირველი ტენორი წამოვიდა, რომელსაც ალექსანდროვმა დარჩენა შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა და შენ მაინც არ გაუშვა ხელიდანო. ჩამოვედი თუ არა, მოვხვდი კიდეც მამიას კვარტეტში. 1966 წელს კი, საბჭოთა სიმღერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებიც გავხდით, სწორედ ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა კვარტეტმა - მამია ხატელიშვილმა, ომარ ჩიტაიამ, კოლია კაპანაძემ და მე დიდ თეატრშიც ვიმღერეთ, დირიჟორობას მელიქ ფაშაევი გვიწევდა. იმდენად აღფრთოვანებული დარჩა პუბლიკა, რომ „კარგი ხარ, გოგოვ“ ორჯერ გვამღერეს.
- ამ დროს კი „გორდელას“ პირველი ხმა დასჭირდა...
- ასე იყო ნამდვილად, საბჭოთა სიმღერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩემთან მოდის ოთარ თაქთაქიშვილი და მეკითხება, „გორდელაში“ რატომ არ მღერიო?! უჭირდათ ნამდვილად პირველი ხმა... გომარ სიხარულიძემ მითხრა, არ ვიცი მე შენი კვარტეტი, ჩამოხვალ თუ არა თბილისში, „გორდელას“ რიგებში უნდა ჩაგწეროო. ასეც მოხდა. რომ ჩამოვედით, უდიდესმა მუსიკოსმა კუკური ჭოხონელიძემ, რომელიც თავად მღეროდა პირველ ხმას, მითხრა, მე ტყუილად ვარ „გორდელაში“, აქ შენ უნდა მღეროდეო, დამავლო ხელი და პირდაპირ რეპეტიციაზე მიმიყვანა. ანსამბლში ჩემი მეგობრები თამაზ ანდღულაძე, ბადრი თოიძე და ანზორ ერქომაიშვილიც დამხვდნენ... „გორდელათი“ მთელი მსოფლიო შემოვიარე და, თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, რომ მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავდა.
- 1971 წელს ქართული ხალხური საკრავების დიდმა მოამაგემ კირილე ვაშაკიძემ ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორად და სოლისტად მიგიწვიათ და სწორედ ამ წლებში ჩაწერეთ ანდრია ყარაშვილის „ისევ შენ და ისევ შენ“, რომელიც, შეიძლება ითქვას, თქვენი კარიერის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა...
- კირილე ვაშაკიძე ცოტა მძიმე ხასიათის კაცი იყო, თუმცა, ხალხური საკრავების უდიდესი სპეციალისტი გახლდათ. შემომთავაზა, - ჩემს ორკესტრში ხელმძღვანელი შენ უნდა იყო, მე კი, კონსულტანტად დავრჩებიო. ასე დავინიშნე ორკესტრის ხელმღვანელად. კირილე ვაშაკიძე მოდერნიზებული მუსიკოსი იყო, ჩონგურსა და ფანდურს ბალალაიკას უთავსებდა, ოთარ თაქთაქიშვილმა მითხრა კიდეც, რა შენი საქმეა ეს ბალალაიკა, შეეშვი ამ საქმესო და მალევე ამიცრუა გული (იცინის). „ისევ შენ და ისევ შენ“ კი, ნამდვილად ზღაპრული ჩანაწერია. ერთ ისტორიას გავიხსენებ - როცა დიდი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საავადმყოფოში იწვა, ანზორ ერქომაიშვილს ჩემი სოლო დისკები მიუტანია. გიამ მთხოვა, მასთან მივსულიყავი, ღონემიხდილი და ძალიან დასუსტებული დამხვდა და დაბალ ხმაზე მეუბნება, - შენ უდიდესი ლოტბარი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ ასეთ დონეზე სიმღერა, უბრალოდ წარმოუდგენელიაო, ეს მელიზმები საიდან მოიტანე, ასე როგორ ჩაახუჭუჭეო... „ისევ შენ და ისევ შენ“ ასე ლამაზად დედამიწის ზურგზე არავის უმღერიაო. ვანო სარაჯიშვილი მას იტალიურად მღერის, შენ კი ქართულად შეასრულეო. ჩეეემო ტუუურფავ, ლაამაზოოოო (მღერის), ასე ასრულებდნენ, მე კი ასე ვმღერი (და აქ, გალაკტიონს დავესესხები, ისე სასწაულად მიჰქარგ-მოჰქარგა ჰანგი, რომ სუნთქვა შემეკრა. თითქოს საეკლესიო ზარებს ჩამოჰკრეს, 80 წლის კაცის ხმაში 18 წლის შეყვარებული ყმაწვილის ხმის ინტონაციები ისმის. ჰანგის ჩუქურთმებიდან ერთდროულად ჟონავს მიუწვდომლობის სევდა, უიმედობის ცრემლი და აღმაფრენის ლირიზმი). ყვეეეელა შეეენ შემოოგევლოოოს, მოოოციმციმე ალმასოოოო... (თითქოს მზე ჩადისო, ხმა თანდათანობით კარგავს ელვარებას და ნიავივით წყნარდება). გია ყანჩელი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება (შეწყვეტილ ინტერვიუს განაგრძობს ბატონი მიხეილი, მაგრამ, მისი შემდეგი სიტყვები ვეღარ გავარჩიე, ცრემლები მომაწვა. არაბუნებრივად გრძელი პაუზის შემდეგ, რეალობას ვუბრუნდები).
- მიიჩნევთ, რომ ეს სიმღერა თქვენი კარიერის მწვერვალია?
- ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს ჩემი ეს შესრულება, თუმცა, პირველ ადგილზე მაინც ჩემი და თემურ ქევხიშვილის კახურ მრავალჟამიერს ვაყენებ. ვფიქრობ, რომ მე მაინც აღმოსავლური სიმღერების მეტრი ვარ, კახური მრავალჟამიერი კი, ფენომენალური ჩანაწერია და აღარ განმეორდება.
- ინტერვიუს თბილისურ დუდუკზე საუბრის გარეშე ვერ დავასრულებთ. მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად გატარებული წლები და ილია ზაქაიძესთან ერთად სამშობლოზე ჩაწერილი სიმღერაც რომ გაიხსენოთ...
- დიდი საბჭოთა ენციკლოპედია როდესაც გამოიცა, მასში დუდუკი სახელობითი ბრუნვის ნიშნის გარეშე იყო შეტანილი და მოხსენიებული იყო, როგორც დუდუკ - სომხური ნაციონალური ინსტრუმენტი. შემდეგ გამოცემაში მცირე ცვლილება შევიდა და ჩაიწერა, რომ ის სომხურ-ქართული საკრავი იყო, თუმცა ისევ მოხსენიებული იყო როგორც - დუდუკ. საქართველოში იყო დრო, როცა დუდუკზე მხოლოდ სომხები უკრავდნენ, თუმცა, 1973 წელს, როცა ჯერ კიდევ კირილეს ორკესტრში ვიყავი დირიჟორად, ჩემთან მოვიდნენ კავთსიხეველი ბიჭი კობა პაპიაშვილი და კასპელი ზაურ მერებაშვილი, „სუხიშვილების“ ანსამბლის მედუდუკეები და მთხოვეს, შენ ჩაგვიდექი სათავეშიო. გავაკეთეთ თბილისური რასტი-ბაიათი და საჭიდაო, რომელიც ირანულია და რომელიც ჩემამდე ქართველ კაცს არ უმღერია. შემდეგ მე და ილო ზაქაიძემ გავაკეთეთ სიმღერა სამშობლოზე და დღეს უკვე რა ხდება, იცით?! საქართველოში დუდუკზე ქართველები უკრავენ!
- და ბოლოს, ბატონო მიხეილ, მოგწონთ თუ არა გათანამედროვებული ქალაქური სიმღერები და რას ურჩევდით მის დღევანდელ შემსრულებლებს?
- არ მომწონს ის, რომ ზედმეტად ევროპულად შეაზავეს, ის აღარცაა ქალაქური სიმღერა... ყველაფერში ევროპულის და ამერიკულის გარევა გაგონილა, კაცო?! რაღაც ევროპულით შეაზავეს ჩვენს ქალაქურში, რაღაცა ამერიკული სპირიჩუელზებით და, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი ნაზავი გამოვიდა. ჩვენ გვჭირს ეს უბედურება - წამხედურობა და მიმბაძველობა, რაც ძალიან ცუდია! მახსოვს, „გორდელა“ როცა წაგვიყვანეს აშშ-ში და ეკლესიებში გვამღერეს, გაგიჟდნენ ამერიკელები, ასეთი საოცრება არაფერი მოგვისმენიაო და, ახლა ჩვენ მათ ვბაძავთ. უცნაურია. ვერაფრით ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი...