თსუ-ს პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას აფასებს და როგორც გადაცემა 2030-ში აღნიშნავს, რომ სტუდენტების მოთხოვნა სამართლიანია.
„თვითმმართველობა ტიპიური კომკავშირია. მეტიც, ასეთი კომკავშირი არ მახსოვს. ის ოდეერების ინსტიტუტის ნაწილია და საერთოდ გასაუქმებელია. უნივერსიტეტში, რომლის ჩამოყალიბებასაც მრავალი თაობა შეეწირა, 21-ე საუკუნეში პროცესს ოდეერები მართავენ, რაც სამარცხვინოა. აკადემიური საბჭო და რექტორი ამ ყველაფრის წინაშე უძლურია. ამ სტრუქტურის დემონტაჟში ყველა კეთილსინდისიერმა პროფესორმა მონაწილეობა უნდა მიიღოს.
სტუდენტების მოთხოვნა სამართლიანია. ისინი, ერთგვარად, ჩვენს საქმესაც აკეთებენ. პროფესურას ბიძგს გვაძლევენ, რათა ოდესმე ხმა ამოვიღოთ და ვთქვათ, რომ უნივერსიტეტი პარტიული ნომენკლატურის სამჭედლო არ არის.
უნივერსიტეტში ჩემთვის შეურაცხმყოფელი პროცესი მიმდინარეობს. ქალბატონმა ზამირა შონიამ განაცხადა, რომ გიორგი გაფრინდაშვილთან მიმართებაში სტუდენტური მოძრაობის მონაწილეები იტყუებიან, რაც სწორი არ არის. სტუდენტებს ქართულენოვანი სასწავლო მასალა არ გააჩნდათ და 2011 წელს კამპანია - თარგმნე, სწორედ ამიტომ დაიწყეს, რის გამოც, მათ გაუსწორდნენ და გიორგი გაფრინდაშვილი ამ პროცესს ხელს აფარებდა. ეს არ იყო ერთი შემთხვევა. მსგავსი ფაქტები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ბატონი გიორგი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და თუ საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, ამ სამარცხვინო ლაქის მოშორების შანსი აქვს." - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.