ავტორი ბიძინა დვალი
„თავხედი“, „უტიფარი“, „ხეპრე“, „უცოდინარი“, „გაუნათლებელი“, „მკადრებელი“, „ცეკას მეორე მდივანი ვაშინგტონის კრემლიდან“, „ბორის პასტუხოვი კაბაში“, „არაკვალიფიციური“, „შეუმდგარი დიპლომატი“, „მისიაჩავარდნილი აგენტ-ოფიცერი“... - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მოიხსენიებს „მადლიერი“ ქართველი ხალხი. ის ქართველი ხალხი, რომელიც გაბანკროტებულ სპეცაგენტ-დიპლომატს ბიოლოგიური ზიზღით სძულს და ეტყობა, თავის თავთან ფიცი აქვს დადებული, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყველგან უმტრობს, სადაც ამის საშუალება მიეცემა. ისევე უმტრობს, როგორც ამას აკეთებენ მისი წინამორბედები: ბილ კორტნი, კენეტ იალოვიცი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი, იან კელი (მიკვირს, 26 მაისის სასტიკი სადამსჯელო ოპერაციის ავტორი, ჯონ ბასი რატომ აკლდება ხოლმე ამ კამპანიას).
„FARA-ს ანგარიშებს არ გავცნობივარო“(?!) – „ნაგლი“ ნახე, რა(!)... მამაცხონებულო, აბა, მარტო ხაბეიშვილისა და წითლიძის „ნაშრომებს“ ეცნობი? რომ ჰკითხო, ამას არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ექნება წაკითხული... როგორ გინდა თქვა, ამ „გულუბრყვილო“ პასუხის ავტორს ზემოჩამოთვლილი ეპითეტებიდან რომელიმე ერთი მაინც არ მიესადაგებაო? - ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე(!).
ოფიცერი დეგნანი იქეთ იყოს და... FARA-ს ანგარიშებმა ზემოთ მოხსენიებული ელჩების მიერ კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან მიმაბრუნა და სხვა თვალით დამანახა. აღნიშნული წარმოადგენს მკაფიო მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ მუშაობს „გიულის ლობისტური კანტორა“. სადღაც, მთებში, ერთკაციან სოფელში დარჩენილმა იმ ერთმა კაცმაც იცის, რომ ანტიქართული პოლიტიკური პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება, ამ ცენტრის სახელია გლობალური ომის პარტია და უსამშობლო ბოროტი შვილის ბოროტი დედა მხოლოდ ბრმა შემსრულებელია, ისევე როგორც მოქმედი და ყოფილი ელჩები, როგორც უკრაინის ე.წ. ხელისუფლება, როგორც ევროპარლამენტარები, როგორც პოლონელი „ექიმები“ და ა.შ.
უნებლიეთ, გაგახსენდება ჰენრი კისინჯერის სიტყვები - „ჩვენ, ამერიკელებს, გვჯერა, რომ ჩვენი შეხედულებები წარმატებულია არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს საუკეთესოდ ვთვლით, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, ჩვენი ხედვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დომინირებდეს“.
ამგვარი დამოკიდებულებით შთაგონებული პოლიტმამები, ბუნებრივია, ვერ შეეგუებიან სახელმწიფო ინტერესით ნაკარნახევ ჩვენს შიდა გადაწყვეტილებებს და ბოლომდე იბრძოლებენ იმისათვის, რომ სამი ათეული წლის წინ დასახული ამოცანები რეალობად აქციონ - საქართველოში უნდა დამყარდეს კოლონიური რეჟიმი, „თავისი ნაძირალების“ მმართველობით, რაც იქნება იმის გარანტი, რომ ეს პატარა ქვეყანა ხან დერეფნად იყოს გამოყენებული, ხან პოლიგონად, ხოლო მეორეხარისხოვანი ქართველი ხალხი - ხან მომსახურე პერსონალად, ხანაც საზარბაზნე ხორცად.
ელჩების განცხადებაში, მუქარის ტონით, საუბარია სანქციებზეც, მაგნიტსკის აქტზეც, „აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის სხვა სახის თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზეც“ და „საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივების გადახედვის ალბათობაზეც“.
მოკლედ, მთელი ბუკეტია იმ გეგმებისა, რაც უხვად დაფინანსებულ ლობისტებს განესაზღვრათ „დამქირავებლის“ მხრიდან. ამას თუ დავუმატებთ FARA-ს დოკუმენტებში მოხსენიებულ საელჩოსა და ელჩის ჩართვის აუცილებლობას „სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად“, ენტონი ბლინკენის(!) მიერ მოსამართლეების უსაფუძვლო, ყოვლად უსამართლო დასანქცირებას, პრეზიდენტადწოდებულ ზურაბიშვილის უპრინციპობით ბოროტად სარგებლობას (უკრაინის „ხელისუფლებაზე“, პოლონელ „ექიმებსა“ და ევროპარლამენტარებზე უკვე ითქვა)...
ხედავთ, რა ხდება, ხალხო?.. გამოხტება ახლა ვინმე „ლიბერალი“ და იტყვის, დამთხვევაა ეს ყველაფერიო.
ჩემს წერილებში ამერიკული „მიდგომების“ დასახასიათებლად ბევრჯერ გამოვიყენე მარტივი ანალოგი მგლისა და კრავის იგავთან - რა ქნას მგელმა, როცა ძალიან უნდა კრავის გადასანსვლა?.. ქვევიდან ზევით წყლის ამღვრევის არ იყოს, პატივცემულმა ელჩებმა, იგავის მგელზე ნაკლების დედა არ ვატირეთო და უგენიალურესი არგუმენტი მოიფიქრეს - „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა (მიმდინარე წლის მაისში - ბ.დ.), გასული წლის დეკემბერში სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს სააკაშვილისთვის, საქართველოში ამ ეტაპისთვის მიუწვდომელი მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობაო“, ამიტომ ისე მოიქეცით, როგორც ჩვენ „გირჩევთ“, თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასაო... ანუ, სანქციებსაც და კიდევ ბევრ სხვა რამესაცაო.
ვიცი, თვალებს არ უჯერებთ, მაგრამ ზუსტად ასეა ახსნილი - მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვეში ამ საქმეში ყველაზე მაღალმა ინსტანციამ დაადგინა, რომ პატიმარს სათანადოდ ეპყრობიანო, ანუ ტყუილი და სიმულაციაა ყველაფერი, რასაც მისი დამცველები კიჟინებენო, მოსყიდული ექსპერტები რომ წერდნენ დასკვნებს შარშან დეკემბერში, ის არის მთავარიო.
ეს ყველაფერი იმ ამბავს ჰგავს, ცხონებული ნუგზარ ჯუღელი რომ იტყოდა, „გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოაო“. მაგრამ ისიც ბევრჯერ გვინახავს, ტკაჩენკოებზე და ანდრეევებზე ბევრად ტანმორჩილი ჩვენი ბიჭები, გონივრული თამაშის წყალობით, როგორ სჭედდნენ დიდ გამარჯვებებს(!).
ბიძინა დვალი
23.07.2023 წ.