ავტორი თაკო კვარაცხელია
საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ოფიციალურად გაიხსნა და უკვე სახეზეა პირველი პოლიტიკური გაერთიანებაც - ყოფილი ნაციონალი გიორგი ვაშაძე ისევ ნაციონალებს დაუბრუნდა. შეიძლება თუ არა პოლიტიკური ამინდი შექმნან ხაბეიშვილმა ან ვაშაძემ და ვის რა შანსი აქვს მომავალ პარლამენტში მოსახვედრად... „რეპორტიორის“ სტუმარია პროფესორი და ისტორიკოსი მამუკა კარტოზია.
- ბატონო მამუკა, მინდა, ჩვენი საუბარი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შეფასებით დავიწყოთ. როგორც ჩანს, უშიშროების სამსახურის თანამშრომლების არ იყოს, არც ყოფილი ნაციონალები არსებობენ - გიორგი ვაშაძე მშობლიურ პარტიას დაუბრუნდა. თქვენი აზრით, ვაშაძის სახით რა ძალა დაიმატა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რა დამატებით საარჩევნო ხმებს ელოდებიან მისგან მიხეილ სააკაშვილის პარტიაში?
- სიმართლე გითხრათ, პერსონებზე საუბარი დიდად არ მინდა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანების პოზიტივზე და ნეგატივზე საუბარს დიდი აზრი არ აქვს, აქ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და ახლა გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლებაზეა, რათა მან არჩევნების დღემდე ქვეყანა მშვიდად მიიყვანოს. დღევანდელ საარჩევნო სისტემას რომ გადავხედოთ (ხუთპროცენტიან ბარიერს და არაბლოკურ სისტემას), თუ რამე სასწაული არ მოხდა, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს. საკმაოდ ტრივიალურ გამოთქმას მოვიშველიებ და გეტყვით, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც არჩევნებს ითვლის. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ასპარეზზე ალტერნატიულ ძალად სჭირდებოდა ის ძალა, რომელიც იქნებოდა მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელი, ანუ მის ალტერნატივად დაგვისახა ის რევანშისტული ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში, გაცილებით დაამძიმებს არსებულ სიტუაციას. მე ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ, უბრალოდ, ჩემი კრიტიკული შეფასებები მაქვს და უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ ნაჩვენები შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად, ქვეყანაში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, სიღარიბით დაწყებული, უმუშევრობის მაღალი დონით გაგრძელებული და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით დამთავრებული. დამიჯერეთ, ეს საკითხებია მნიშვნელოვანი და არა ორი ურეიტინგო პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანება. ვფიქრობ, იმ არასახარბიელო სიტუაციის კონტურები იკითხება, რომ პარლამენტში ხელისუფლებას ოპოზიცია მოჩვენებით ალტერნატივად ჰყავს წარმოდგენილი, სინამდვილეში კი, სტრატეგიულ საკითხებში, მათი აზრები უნისონშია და ხმებსაც მოხერხებულად უნაწილებენ ერთმანეთს.
- ბატონო მამუკა, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, რამდენად სამართლიანია, უნისონში ყოფნაში დავადანაშაულოთ ის პარტიები, რომელთაგან ერთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, ომში გახვეული სამეზობლოს პირობებში, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს, მეორე კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება შეცვალოს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, მშვიდობა ომით ჩაანაცვლოს და ხელისუფლება დაამხოს?
- მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი არის კრიტიკული, თუმცა, შეუძლებელია, ვერ დაინახო ის პოზიტივი, რაც ქვეყანაში გვაქვს. არ ვუკარგავ პირადად პრემიერ-მინისტრს იმას, რომ მან ომი ააცილა ქვეყანას, რაც ერთპიროვნულად მისი დამსახურებაა. ეს სწორად გათვლილი პოლიტიკის შედეგი იყო, ღიად არაღიარებული, მაგრამ ფაქტიურად აღიარებული ნეიტრალიტეტის პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვიძახდით. რა პოზიცია აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას? აქტიური ნეიტრალიტეტის და სამხედრო მიუმხრობლობის პოზიცია, რამაც ჩვენი ქვეყანა ომში ჩართვისგან იხსნა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს დღევანდელი ხელისუფლების დიდი მიღწევა და დამსახურებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა აწყობილი და თუნდაც საგარეო პოლიტიკაში შეცდომები არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო, დავიწყოთ ალტერნატივის ძებნა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთ-უკრაინის ომი გადაწყვეტს, რომელიც ფაქტიურად უკვე გადავიდა სხვა განზომილებაში და მან მორალური ომის სახე მიიღო, ღირებულებების ომად იქცა. საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის, აღვიქვათ გარშემო შექმნილი რეალობა, მოვერგოთ მას და არ გავიჭყლიტოთ იმპერიული ხედვების მქონე დიდ სახელმწიფოთა ომში.
- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას დასავლურ სტრუქტურებში გაერთიანების იდეაზე?
- კარგია NATO-ს და ევროკავშირის ძახილი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ იქ არავის უნდიხარ. იქნებ მოვიდა სხვა ალტერნატივების ძებნის დრო. აი, თუნდაც „ბრიქსი“ და კიდევ სხვა გაერთიანებები, მათთანაც ხომ შეიძლება თანამშრომლობა... ჩვენ აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ რეგიონალურ ჭრილში, რადგან, სამწუხაროდ, საქართველომ დაკარგა რეგიონალური ცენტრის პოზიცია. აზერბაიჯანმა და მისმა ლიდერმა, თავისი მოქნილი პოლიტიკით, ხელში აიღო კავკასიაში მოწინავე პოზიცია, არადა, ეს პოზიცია, ისტორიულად, ყოველთვის ჩვენ გვეჭირა. ძალიან კარგია და თვალშისაცემი ირაკლი ღარიბაშვილის გააქტიურება, საზღვარგარეთ ვიზიტები, მაგრამ ეს არაა საკმარისი, დაბალანსებული პოლიტიკაა საწარმოებელი, ერთი მხრივ, კოლექტიურ დასავლეთთან, მეორე მხრივ კი, აღმოსავლეთთან, ირანთან, თურქეთთან, და რუსეთთან.
- თქვენი აზრით, რამდენად მიღწევადია ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის და და დათმობს თუ არა მას, ერთი მხრივ, დასავლეთი, მეორე მხრივ კი, რუსეთი?
- მესმის თქვენი შეკითხვის არსი და ისიც, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ჩვენი დაცვისა და უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ როცა ამას გავაკეთებთ, უსაფრთხოების დაცვის გარანტორებად უნდა გვყავდეს რუსეთიც, თურქეთიც და სხვა გავლენიანი ქვეყნებიც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტი აბსოლუტური ჯავშანი ვერ იქნება, მაგრამ სხვა რა შანსი გვაქვს?! ომს ჩვენ ვერავისთან ვაწარმოებთ და ვერც ვერავისთან მოვიგებთ, პატარა ქვეყანა ვართ და არანაირი შანსი არ გვაქვს, რომ ჩვენი პატარა არმიით ვინმეს წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვინმეს დავუპირისპირდეთ. საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზაა. ჩვენ ჩვენი გენიალური მოაზროვნის სიტყვებით უნდა ვიხელმძღვნელოთ და ლელთ ღუნიას პირით ნათქვამი, ილიას სიტყვებით ვიცხოვროთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთო კონტექსტიდან ამოვვარდეთ, მაგრამ ჩვენი იდენტობა, ცხოვრების წესი და თვითმყოფადობა არ უნდა დავკარგოთ რომელიმე გაერთიანების წევრობით.
- ინტერვიუს დასაწყისში თქვით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთო. თქვენი აზრით, რამდენად რთული ამოცანა იქნება ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის და აქეზებს თუ არა კოლექტიური დასავლეთი რადიკალურ ოპოზიციას, რომ მათ ისევ სცადონ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა?
- რა თქმა უნდა, არჩევნების წინა პერიოდი იქნება ყველაზე დაძაბული, მითუმეტეს, რადიკალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მითუფრო, როცა მათ ჰყავთ ძლიერი ლობი ქვეყნის გარეთ, აქვთ ფინანსური რესურსი და მათგან „მაიდანიზაციის“ მცდელობა გამორიცხული არაა, თუმცა, სახელმწიფო გადატრიალებას სერიოზული მომზადება, ფინანსები და, რაც მთავრია, ხალხის მასა სჭირდება. დღევანდელ ოპოზიციას კი, სახელმწიფო გადატრიალების თავი არ აქვს. ამის მაგალითად მარტის მოვლენებიც კმარა, როცა, მცდელობის მიუხედავად, მათ არ ეყოთ არც გამოცდილება, არც გონება, არც ძალა და არც ხალხის მხარდაჭერა, მიეღწიათ იმისთვის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოდუნდეს, თვითკმაყოფილებას მიეცეს და აღარაფერი მოიმოქმედოს. ხელისუფლება უნდა ეცადოს, არ დაუშვას სტრატეგიული შეცდომა და საბაბი არ მისცეს მათ ქუჩაში გამოსავარდნად.
- როგორ ფიქრობთ, კანდიდატის სტატუსი დამოკლეს მახვილივით ხომ არ ჰკიდია ხელისუფლების თავზე და, უარის შემთხვევაში, ეს ხომ არ გახდება მიზეზი, კიდევ ერთხელ სცადონ რადიკალებმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა?
- ყველაფერია მოსალოდნელი... მიზეზის მიცემა ვახსენე წეღან და ზუსტად ეს შეიძლება იქნას გამოყენებული მიზეზად. ისე კი, როცა ასეთ მასშტაბურ და ეპოქალურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას დეტალურად აუხსნას, თუ რა არის ევროკავშირი ჩვენთვის, რას მოგვიტანს მასში გაერთიანება, რა პოზიტივი ექნება მას და რა ნეგატივი... ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, ევროკავშირის წევრები არ არიან ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და იქნებ დროა ავუხსნათ საზოგადოებას, რა არის რეალურად ეს ევროკავშირი?! ახლა თქვენ გეკითხებით, რისი მომტანია რეალურად კანდიდატის სტატუსი?!
- მე არ ვიცი, თურქეთს ვკითხოთ...
- ზუსტადაც! აი, რას გვაძლევს კანდიდატის სტატუსი, თქვენს მიერ ნახსენებ თურქეთს 30 წელიწადია კანდიდატის სტატუსი აქვს და რა მიიღო? ჩვენთვის მთავარი იყო უვიზო რეჟიმი და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ეს ისედაც გვაქვს და ამიტომაც ვამბობ, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხი, რეალურად, პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა და მეტი არაფერი. იქნებ, საერთოდ არ არის ჩვენი ადგილი ევროკავშირში?! დროა, ხელისუფლებამ გააგებინოს საზოგადოებას, რომ კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემენ, ხომ კარგი, მაგრამ უარს თუ გვეტყვიან, არც ეს იქნება დიდი ტრაგედია. ამით ხელისუფლება ოპოზიციას მანიპულაციის საშუალებასაც გამოაცლის ხელიდან.
- მინდა, იმ თემით დავასრულოთ საუბარი, რა თემითაც დავიწყეთ... როგორ ფიქრობთ, რომელი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში?
- წინასწარმეტყველება უმადური საქმეა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ისევ ორპოლარულ პარლამეტს მივიღებთ და პარლამენტში ისევ ორი ძალა იქნება წარმოდგენილი - „ქართული ოცნება“ და განახლებული, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, რებრენდინგგავლილი „ნაციონალური მოძრაობა“.