logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის სახდეპარტამენტში უფრო მეტი განცხადება გაკეთდა ამ კანონის შესახებ, ვიდრე უკრაინაში ომის და ჩინეთ-ტაივანის დაძაბულობის შესახებ
- +

24 ივლისი. 2023. 10:18

 

 

„სწორედ იმიტომ დაარქვეს ქართულ კანონს „რუსული“ და ატეხეს კამპანია, რომელიც პირდაპირ ამერიკიდან იმართებოდა, რომ მათ არ უნდათ მათი ჩვენთან დახარჯული თანხებიც გამჭვირვალე იყოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება.

 

მისი თქმით, თავად ამერიკა FARA-ს მეშვეობით აკონტროლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოეთიდან შემოსულ და დახარჯულ თითოეულ თეთრს, მაგრამ საქართველოში მსგავსი კანონის მიღება არ აწყობდა, რადგან მისი გავლენის აგენტები გაიშიფრებოდნენ

 

„FARA-ს კანონი ამერიკაში 30-იანი წლებიდან მოქმედებს და მუდმივად იხვეწება იმის მიხედვით, თუ რა ახალი საჭიროებებია ქვეყნის წინაშე. იქ არ არის საუბარი მხოლოდ მოწინააღმდეგე, მტრულად განწყობილ ძალებზე, არამედ, აბსოლუტურად, ნებისმიერი თეთრი, რომელიც ამერიკაში იხარჯება, გარკვეული საკითხების ლობირებისთვის ან არასამთავრობოებისთვის, FARA-ს გამჭვირვალობის აქტში ხვდება. არ აქვს მნიშვნელობა მეგობარია თუ მოწინააღმდეგე კონკრეტული ქვეყანა. მაგალითად, გერმანიის ან საფრანგეთის მთავრობის თუ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტებიც ხვდება FARA-ს გამჭვირვალობის აქტში, რადგან ამერიკელებს აქვთ სურვილი ზუსტად იცოდნენ, რა ფული იხარჯება მათ ქვეყანაში.

 

სწორედ იმიტომ დაარქვეს ქართულ კანონს „რუსული“ და ატეხეს კამპანია, რომელიც პირდაპირ ამერიკიდან იმართებოდა, რომ მათ არ უნდათ მათი ჩვენთან დახარჯული თანხებიც გამჭვირვალე იყოს. ჩვენ ვერ მივიღებდით კანონს, სადაც ჩავწერდით, რომ ეს კანონი იმოქმედებდა მხოლოდ არაბეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ჩინეთიდან შემოსულ ფულზე, რადგან კანონი საყოველთაოა და უნდა იყოს უნივერსალური. ვინც კარგ თემას აფინანსებს საქართველოში, იმას უნდა გახარებოდა, რომ მეტი გამჭვირვალობა იქნებოდა. ხოლო ისინი, ვინც ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობას ეწევიან, მათზეც გაიგებდა საზოგადოება. სწორედ ეს არ უნდოდათ და პირადად კელი დეგნანი იყო ჩართული ამ ტერმინის მოგონებაშიც კი - „რუსული კანონი“.

 

ეს ყველაფერი პირდაპირ იმართებოდა ამერიკის საელჩოდან. კელი დეგნანმა ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირთან პირდაპირ თქვა - არ გვაინტერესებს საიდან გადმოწერეთ ეს კანონი, ამას დაერქმევა რუსულიო. ამის ლობირება მათ შეძლეს. ეს საქართველოსთვის ცუდი იყო, რადგან ქვეყანას რეალურად სჭირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ისევე, როგორც ევროკავშირს სჭირდება, სადაც ამასთან დაკავშირებით დაისვა საკითხი. ასევე, სააკაშვილის ლობისტების მხრიდან დახარჯული ფულის გამოც მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კანონი ჰქონდეთ მათ. იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კატარიდან ან ემირატებიდან შეიძლება რამე დაფინანსდეს, არამედ აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში ძალიან კარგად ლობირებენ და ისეთი რეგულაციები გადის, რომლებიც პირდაპირ ფულით არის მიღებული (ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ლობისტების ფულით არის შესრულებული, მათ მიერ არის შედგენილი, რაზეც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები, განცხადებებს აკეთებენ და ა.შ.). ამას, ბუნებრივია, მეტი გამჭვირვალობა სჭირდება.

 

ისევ საქართველოს და ქართულ კანონს რომ მივუბრუნდეთ, ამის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ვითარების ასარევად და რევოლუციების მოსაწყობად ძალიან ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ, როგორც ჩანს, ეს იყო დასაფარი და სწორედ ამიტომ ატყდა ასეთი გაშმაგებული კამპანია სრულიად უწყინარი კანონპროექტის წინააღმდეგ. ამ კამპანიამ ისეთი სახე მიიღო, რომ იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში უფრო მეტი განცხადება გაკეთდა ამ კანონის შესახებ, ვიდრე უკრაინაში ომის შესახებ და ჩინეთ-ტაივანის დაძაბულობის შესახებ. აღარ ჩამოვთვლი ევროპარლამენტიდან და ევროკომისიის სხვადასხვა სტრუქტურიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც არანაკლებ დიდი რაოდენობის იყო. როგორც ჩანს, მათ მართლა არ უნდოდათ თავიანთი აგენტების გაშიფვრა და აგენტურის მფარველობის გამო გაჩაღდა ამ კანონის წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლა. სიმართლეს არ ამბობს ქალბატონი კელი დეგნანი, როცა აცხადებს, რომ არ იცნობს იმ მასალას, რაც სააკაშვილის ლობიზმში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით ამერიკის იუსტიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ის ვალდებულიც კი არის, როცა ამასთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული აჟიოტაჟი ატყდა, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ეცნობებინა. როცა ამბობს, რომ ამ მასალას არ იცნობს, მაგრამ იქ არაფერი სკანდალური არ არის, ის სიმართლეს არ ამბობს. ზოგადად, ეს სტილი აქვს არჩეული კელი დეგნანს - თუ რამე არ მოსწონს, თუ რამეზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, ის ამბობს, რომ „არ იცნობს, მაგრამ...“ და შემდეგ აფასებს ამ საკითხს.

 

ასე იყო, მაგალითად, მაშინ, როცა ჩვენმა კოლეგამ, „ხალხის ძალის“ წევრმა მიშა ყაველაშვილმა მას პირადად მიმართა წერილით და ძალიან კონკრეტული კითხვები დაუსვა. მათ შორის, ერთ-ერთი კითხვა იყო, რომ ხომ არ მონაწილეობდა რევოლუციის დაგეგმვის ტრენინგებში, ბაკურიანში (იგულისხმება აკერმანის ცნობილი ტრენინგი). მან თქვა, რომ მას ეს წერილი არ წაუკითხავს, მაგრამ ეს არის რუსული ნარატივიო. თუ არ წაუკითხავს, რა იცის რა ნარატივია? ეს არის ძალიან არასწორი და მტრული იარლიყების მიკვრის მცდელობა საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი, რაც არ ეკადრება მეგობარი ქვეყნის ელჩს საქართველოში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner