„ამას ერთხელ რომ დაუცდა, ეფლობა და ეფლობა“, - წერს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის შესახებ Facebook-ზე.
იგი ეხმაურება მშვილდაძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მათ, ვინც „ფორმულას“ ებრძვის, ტელეკომპანია საკუთარ პლატფორმას არ დაუთმობს და ვირუსს საკუთარი ნებით არ გააძლიერებს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, „ფორმულაზე“ იმიტომ დაიბლოკა, რომ დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, სიმართლის თქმისთვის ადამიანების დაბლოკვის, მედიაშანტაჟის და მედიაკორუფციის პრაქტიკის დისკრედიტაცია სურს, სწორედ ამიტომ მიიჩნევს „ფორმულა“ მისთვის დროის დათმობას საფრთხედ.
„ამას ერთხელ რომ დაუცდა, ეფლობა და ეფლობა.
მორიგი სიყალბე კეზერაშვილის სიყალბის მანქანისგან.
დავიბლოკე იმიტომ, რომ „ფორმულას“ პატრონი, დავით კეზერაშვილი დავადანაშაულე და ახლაც ვადანაშაულებ, ოლიგარქობაში, დიდი ფულის შანტაჟით პოლიტიკური პროცესის მანიპულაციასა და ჩრდილოვან მართვაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებაში.
და ვარ მართალი. დღეს ვინც ვერ ხვდებით, ხვალ მიხვდებით. ვინც ხვალ ვერ მიხვდებით, ზეგ მიხვდებით - გარდაუვალია.
ანუ ტყუილია, რომ ტელევიზიაზე თავდასხმის გამო დავიბლოკე - თუმცა, ესეც მაგარი გოიმობა იქნებოდა.
ესაა ჩემი ამოცანა. ამის შემდეგ დავამარცხებთ ბიძინას და წავალთ ევროპისკენ.
თქვენი პატრონის შავბნელი ამოცანების საფრთხედ მხედავთ მე და ჩემს აზრებს და აზრებს მიბლოკავთ.
ეს ძალიან დამეხმარება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.