უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვის გახანგრძლივება მიუღებელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: უკრაინის სახმელეთო ექსპორტის დაბლოკვა 15 სექტემბრის შემდეგ, როდესაც შესაბამისი შეზღუდვები იწურება, ნებისმიერი ფორმით მიუღებელია. ჩვენ გვჯერა ევროკომისიასთან შეთანხმების, მაგრამ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.