საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ქალაქ ატლანტაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ თომას კარდენს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
შტატის ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში ქართული დელეგაციისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეპუტატები გაეცნენ გვარდიის მანდატს, საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას, მარეგულირებელ სამართლებრივ ბაზას და შესაძლებლობებს.
„აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. თავდაცვის სფეროში ხაზგასმას იმსახურებს მჭიდრო პარტნიორობა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, რომელიც 1994 წლიდან იღებს სათავეს. უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. თავდაცვის ახალი კოდექსი აჩენს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად ზრდის ქართული ეროვნული გვარდიის როლს ქვეყნის თავდაცვაში. ეს მოიცავს ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში ძლიერი რეზერვის ყოლას, მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, თავდაცვაში საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და ბევრ სხვა საკითხს. ამ კუთხით საინტერესო და სასარგებლოა ამერიკელი პარტნიორების და რასაკვირველია, ჯორჯიის შტატის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი მათიაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, მათ შორის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიაში, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანიც, რა თქმა უნდა, თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობა და შემდგომი გაძლიერებაა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი სოფიო ბაბუნაშვილი. ქართული დელეგაციის ამერიკულ მხარესთან შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო.