logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს ტარდება კონფერენცია, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება, ჩვენ დიდი ხანია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მსგავსი ღონისძიება არ გვქონია და ბოლო წელმა გვაჩვენა, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია
- +

25 ივლისი. 2023. 12:14

 

 

„დღეს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ტარდება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ღონისძიება არ გვქონია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად  და ბოლო ერთმა წელმა, რომელიც 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში გავატარეთ, გვაჩვენა, რომ  ასეთი სახის ერთობლივი ღონისძიებები მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, კონფერენციაზე საუბარი მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეეხება.

 

„საუბარი გვექნება როგორც 12 რეკომენდაციაზე - ახლა სად ვდგავართ  და რა გეგმებია მომავალში, ასევე ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებზე,  რომელსაც პარლამენტი ახორციელებს. ხშირად ეს პოლიტიკური დებატების და მედიის ყურადღების ცენტრში არ ექცევა, თუმცა ეს არის დიდი ნაწილი ევროპული გზის, რომელიც საქართველოს გასავლელი აქვს. დღეს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის თანამონაწილეობით გვექნება ამ საკითხებზე დისკუსია. მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო პლატფორმასთან ასეთი კარგი ურთიერთობა შედგა ამ ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება.    

 

ღონისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner