ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Geosky - ის სამგზავრო მიმართულების Georgian Wings-ის სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში Georgian Wings-ის ბორტმა ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა განახორციელა.
„პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი ძლიერდება. დღევანდელი ღონისძიება არის ამის მაგალითი - ქართული ავიაკომპანია მზად არის სახელმწიფოს დამატებითი ჩართულობისა და ფინანსური დახმარების გარეშე რეგულარულად შეასრულოს კომერციული რეისი თბილისსა და ბათუმს შორის. საწყის ეტაპზე ფრენები კვირაში 12 სიხშირით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის თვითმფრინავით მგზავრობის მოთხოვნა გაზრდილია. ფრენების დაწყებით ავიაკომპანია ხელს შეუწყობს მობილობის გაზრდას და რაც მთავარია, ტურისტული ნაკადების გადაადგილებას თბილისსა და ბათუმს შორის. ავიაკომპანიას ვუსურვებ დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების უფრო მეტ გაძლიერებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციაზე.
28 ივლისიდან Georgian Wings სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად შეასრულებს.
პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ავიაკომპანია Geosky - ის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები.