„ვერ ვიტყოდი რომ ეს პროცესი, რაც დღემდე საქართველოს პარლამენტში წარიმართა არ იყო ინკლუზიური, მას არ აკლდა ინკლუზიურობა, თუმცა, პროცესში მეტი პასუხისმგებლობით ჩართულობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებს მხრიდან კეთილსინდისიერი ჩართულობა, მხოლოდ და მხოლოდ წაგვადგებოდა და სიკეთეს მომტანი იქნებოდა საქართველოსთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„აქ მთავარია, რომ ამ თემის გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ნაკლებად მოხდეს, რასაც ჩვენი ოპოზიცია ძალიან ხშირად იყენებს, პრაქტიკულად პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მხოლოდ ეს საკითხია ქცეული ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს რომ ნაკლებად ხდებოდეს და უფრო მეტად ვერთიანდებოდეთ იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და კეთილსინდისიერად ხდებოდეს მონაწილეობა ამ პროცესში, ეს მხოლოდ წაგვადგებოდა და ქვეყნის ინტერესებს ასე არ დააზიანებდა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.