საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 46.79 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.88%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 1.50 მლნ ლარით, ანუ 0.01%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.31 მლრდ ლარით, ანუ 4.74%-ით გაიზარდა.
მათივე ანგარიშის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 49.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით.
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.91%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 1.47%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა - 78.36%, ხოლო ევროს წილმა 19.17% შეადგინა.