სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის პროექტის, „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო.
ორი დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების დირექტორებმა, კონტრტერორისტული ცენტრის, კონტრდაზვერვისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან მათ ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე, ტერორიზმსა და მასთან ბრძოლაზე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე.
გარდა აღნიშნული თემებისა, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატის, მისი ფუნქციონირებისა და განხორციელებული სამუშაოს შესახებ.
სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია. შეკითხვებს სამსახურის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების დირექტორებმა, კონტრტერორისტული ცენტრისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა უპასუხეს, განიხილეს სხვადასხვა შემთხვევა.
სემინარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოადგილეებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.