logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კონფერენცია - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ წარმატებული იყო - როდესაც ოპოზიცია ხედავს, რომ პროფესიული და მშვიდი დისკუსია იმართება, რასაც იარაღად ვერ გამოიყენებენ, მასში არ მონაწილეობენ და დღეს ამის მომსწრე ვიყავით
- +

25 ივლისი. 2023. 22:12

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენცია – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ შეაჯამა. მისი თქმით, კონფერენციაზე ყველა საკითხზე საგნობრივი დისკუსია გაიმართა.

ვფიქრობ, წარმატებული კონფერენცია იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო სამოქალაქო პლატფორმას. ნამდვილად იყო ამ შეხვედრის საჭიროება და კონფერენციის ხანგრძლივობაც აჩვენებს, რამდენად იყო ერთმანეთისთვის აზრების გაზიარების საჭიროება. სასამართლო რეფორმა, საარჩევნო საკითხები, დეოლიგარქიზაცია, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო საგნობრივი დისკუსია, განხილვა. უფრო მეტი ემოცია პოლარიზაციის საკითხების განხილვისას იყო, მაგრამ ესეც აჩვენებს, რომ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით აბსოლუტურად შეიძლება პროფესიული მსჯელობა.

რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ნახევარი დღის შემდეგ დაგვტოვეს. აქტიურები არ იყვნენ ამ ღონისძიებაში, ესეც აჩვენებს ზოგადად, როგორია მათი ინტერესი საკითხების მიმართ. სამწუხაროა, ჩვენ ამას დიდი ხანია, ვაკვირდებით, რომ კანდიდატის სტატუსი ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა იარაღად, იარაღად ხელისუფლებაზე ზეწოლის, მოხდეს შანტაჟი ქვეყნის და არეულობა. როდესაც ხედავენ, რომ პროფესიული და მშვიდი დისკუსია იმართება, რომ იარაღად ვერ გამოიყენებენ ასეთ დისკუსიას, მასში არ მონაწილეობენ და დღეს ამის მომსწრე ვიყავით. თავიდან ჩართულობა იყო, მინდა, მადლობა გადავუხადო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომელიც იყო ჩართული, თუმცა დიდმა ნაწილმა სამწუხაროდ აქტიურად არ მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება სამოქალაქო პლატფორმასთან ჩვენს თანამშრომლობას, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება იყო წარმოდგენილი. ყველამ შეძლო ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება. ვფიქრობ, ეს იყო წარმატებული პირველი კონფერენცია და მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოცდილებაზე დაშენდეს სხვა ასეთი სახის ღონისძიებები, სადაც ჩვენ ყველა სხვა საკითხს უკვე უფრო ჩაღრმავებით განვიხილავთ. ჩვენ განსახილველი დაგვრჩა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხები, რაც ეხება გარემოს დაცვას და ეკონომიკას, რაც საერთო ჯამში, სული და გულია ევროკავშირის. ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ ეს საკითხები ახდენს გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner