ბუნდესვერის დოკუმენტი, რომელიც ეძღვნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს კონტრშეტევის დროს, შეიცავს კრიტიკულ შეფასებებს მათ მიერ დასავლეთში ათვისებული საომარი მეთოდების გამოყენების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ გაზეთ Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთ Bild-ის სტატიაში სათაურით ბუნდესვერი უკრაინის არმიას პირველად აკრიტიკებს აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ ნაკლოვანებებს შორის გერმანელი სამხედროები ასახელებენ საბრძოლო დანაყოფების დაყოფას.
დოკუმენტში გერმანელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ იმის გამო, რომ უკრაინა ბრიგადებს, რომლებმაც მომზადება დასავლეთში გაიარეს, ჰყოფს 10-30-ჯარისკაციან ჯგუფებად, რომლებიც იზოლირებულნი არიან დანარჩენი ჯარისგან, არც დასავლურ წვრთნას, არც უკეთეს იარაღს და არც ჯარისკაცთა დიდ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.
გარდა ამისა, ბუნდესვერი აკრიტიკებს გამოცდილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას, რომლებიც, მათი თქმით, უარესად ითვისებენ დასავლური მომზადების პრინციპებს ან საერთოდ არ იღებენ მასში მონაწილეობას.
ბუნდესვერის დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სამეთაურო პერსონალი „ზოგჯერ ავლენს მნიშვნელოვან ხარვეზებს შესაბამის დონეზე სარდლობის პროცესების ხელმძღვანელობასა და გამოყენებაში, რაც იწვევს ნაწილობრივ არასწორ და სახიფათო გადაწყვეტილებებს“.
„ამ ფაქტორებმა - ბრიგადების დაყოფა და სამეთაურო პერსონალის სათანადო მომზადების ნაკლებობა - შეიძლება ახსნას უკრაინული ძალების ნელი წინსვლა კონტრშეტევის დროს“, - ნათქვამია სტატიაში.