ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტს კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ბანკის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში.
„შვიდწლიანი საქმიანობის განმავლობაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა რეალური წარმატება გვიჩვენა და სწრაფ პროგრესს განიცდის საზღვრების გაფართოებითა და ახალი წევრების მიღებით. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, გრძელვადიანი პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ სტრუქტურული რეფორმებისთვის და ძირითადი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ.“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა AIIB-ს ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური სურათი გააცნო და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს და მიმდინარე თუ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის კავშირების გაუმჯობესების და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
AIIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა საქართველოსთან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ამასთანავე ბანკის სახელით მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.