„რას არ გაიგებს ადამიანი, თურმე ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე ეხმიანება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტს, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიას საქართველოსთვის სანქციების დაწესება სურდა.
მისი განცხადებით, აშშ-ში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის საქართველოში “რუსულ კანონად” მოხსენიება გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან იგივე ძალები, ანტიდემოკრატიული რეჟიმის შემოქმედს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებენ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევას - წარმატებულ რეფორმას, პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას - წესრიგის დამყარებას და ა. შ.
“რუსული კანონი, სახელად FARA
რას არ გაიგებს ადამიანი, თურმე ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს.
ეს კანონი აშშ-ს მოქალაქეებს ავალდებულებს, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე ატვირთოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნებისმიერი კონტრაქტის დეტალები.
რუსები იმდენად ღრმად შეჭრილან ამერიკელებისათვის თავისი კანონის თავს მოხვევის პროცესში, რომ არა მხოლოდ ასეთ კონტრაქტებში დაფიქსირებული შინაარსი და კონკრეტული პირების თუ კომპანიების იდენტიფიცირება მოუთხოვიათ, არამედ თითოეული ამ სუბიექტის მიერ მიღებულ თანხებსაც კაპიკ-კაპიკ უთვლიან. კარგი დედის შვილი ხარ და რაიმე დამალე.
დამალავ და მაშინვე ამერიკაში ჩანერგილი რუსული მაკონტროლებელი ორგანოები დაგადგებიან თავზე, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ, რუსული КГБ და ОБХС სანატრელი გაგიხდება.
აი,სად გათვალეს რუსებმა! ჯერ კიდევ ამ კანონის აშშ-ში შეპარების დროს, თითქმის 100 წლის წინ ფიქრობდნენ რუსი ბოლშევიკები, მოვიდოდა დრო და ამ კანონის მოთხოვნების შესრულების აუცილებლობა საქართველოში „ქართული ოცნების“ საფარქვეშ მოქმედ „რუსულ ოცნებას“ დაეხმარებოდა, რადგან გამოჩნდებოდა, რომ ამ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედი ქართული პატრიოტულ-ნეოლიბერალურ-დემოკრატიული ოპოზიციური ძალები თურმე საკუთარი ქვეყნის დასანქცირებისთვის ძალ-ღონეს და ფულს არ იშურებენ და ხან ვის ეხვეწებიან და ხან ვის, „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, ისე დაასანქცირეთ ეს საქართველო, ევროპისკენ გახედვაც კი ვეღარ გაბედოს“-ო.
ყოჩაღ რუსებს და მათ კანონებს, 100 წლის წინათ აშშ-ში რუსების ძალისხმევით მიღებულმა კანონმა როგორი დახმარება გაუწია დღეს ქართულ „რუსულ ოცნებას“.
ვინმე თუ იკითხავს, რატომ ჰქვია აშშ-ს კანონს რუსულიო, შევახსენებთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია იმ ძალებისგან, ვინც ანტიდემოკრატიული რეჟიმის შემოქმედს „დემოკრატიის შუქურას“ ეძახის,
კომუნისტურ სტილში მოქალაქეების განკულაკებას - წარმატებულ რეფორმას,
პენიტენციური სისტემის ფაშისტური მეთოდებით მართვას - წესრიგის დამყარებას,
სასამართლოს სისტემის გაბახებას - მართლმსაჯულების პროგრესს,
მედიის ტერორს - თავისუფალი სიტყვის ზეიმს და ა. შ.
რაც მთავარია, ასეთები ქვეყნის შიგნით და გარეთ ამის შეცვლას ვერა და ვერ ეგუებიან და ამ ყველაფრის შემოქმედი პერსონების, მეორადი საქონლის სახით კვლავ შემოჩეჩებას ცდილობენ და ისევ ისეთი სახელებით ნათლავენ. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ჭკუასუსტები გონიათ.
წმ. ანტონი დიდი წერდა: „დადგება ჟამი, როდესაც სამყაროს ისეთი შეშლილობა დაეუფლება, რომ შეშლილები გონიერებს უგუნურებად გამოაცხადებენ, საკუთარ თავს კი - გონიერებად“. სავარაუდოდ შეშლილებს ჰგონიათ, რომ ეს ჟამი უკვე მოსულია.” - წერს ნანა კაკაბაძე.