ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაცია არ იქნება მიბმული არჩევნების პროცესზე.
„ჩვენთვის ძალიან მკაფიოა, რომ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას - ეს არის საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია; აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც კომისიის, ისე პარლამენტის მხრიდან. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მიღებული, აქედან გამომდინარე, იმედია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. მთავარი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ორმხრივად ყველაფერი გაკეთდა, სამოქმედო გეგმა შესრულდა, არის პოზიტიური განწყობა, აქედან გამომდინარე, პროცედურებს დაველოდოთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება იმას, იქონიებს თუ არა ვიზა-ლიბერალიზაციაზე გავლენას ის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ჩვენთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებელი საზოგადოებისთვის, არჩევნები არ არის გამოწვევა.
„ჩვენთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებელი საზოგადოებისთვის, არჩევნები არ არის გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ვიზა-ლიბერაზალიციით ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალი სამი წლის დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავიწყებთ ამ სვლას. ჩვენ უკვე 3 თვეა ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიხილეთ უპრეცედენტო, ღია, სამართლიანი გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.