logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებაზე: ვერანაირი თეორიული გათვლითაც კი, ჯამურად ვერ უახლოვდებიან იმ შედეგს, რაც დღეს აქვს რეიტინგში „ქართულ ოცნებას“, ამიტომ, მათი ყველა მცდელობა იქნება უშედეგო
- +

27 ივლისი. 2023. 10:28

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ ხაბეიშვილ-ვაშაძის გაერთიანებასთან და 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირობო გამარჯვებასთან დაკავშირებით ისაუბრა.     

                                                               

მდინარაძის  მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“  შიდა გადაჯგუფება მიმდინარეობს და ოპოზიციას სწორედ ასეთი დაჯგუფებები აძლევს იმედს, რომ გარანტირებულად გადალახოს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და მათი გათვლით, არჩევნები მოუგოს „ქართულ ოცნებას“.

 

„ჩემი ერთ-ერთი ვერსიით, „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერში შიდა გადაჯგუფება მიდის. ხაბეიშვილი-ვაშაძე, ყველაზე რადიკალური, ყველაფრის მკადრებელი ჯგუფი და რადიკალური განწყობების ადამიანების წამოყვანას შეეცდებიან თავის მხრივ ესენი. შეიძლება ვიხილოთ იქით მარგველაშვილი, გახარია, გუშინ რომ ჩვენი გუნდისგან დასახელებული პრემიერ-მინისტრი იყო, დღეს კოალიციები აქვთ რამდენიმე რაიონში „ნაცმოძრაობასთან“ და ნაც-ქოცურ გაერთიანებაზე ლაპარაკობენ. წარმოიდგინეთ რამხელა სიყალბესთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება დალაგდეს „ლელოს“ საფარქვეშ, მსგავსი ტიპის პოლიტიკოსები შეიკრიბონ და ვითომ ლიბერალები, „გირჩის“  თამადობით და პიონერობით აქეთ შეიკრიბებიან, სადაც ვითომ ლიბერალურ ჯგუფზე იმუშავებენ. ასეთი დაჯგუფებები აძლევთ მათ იმედს, რომ ამ ორმა-სამმა დაჯგუფებამ შეიძლება გარანტირებულად გადალახოს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საბოლოო ჯამში, მათი გათვლით „ნაცმოძრაობის“  ამ ორმა-სამმა,  მაქსიმუმ ოთხმა ჯგუფმა შეიძლება მოუგოს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ და მათმა ჯამურმა რეიტინგმა გადააჭარბოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ ვერანაირი თეორიული გათვლითაც კი ისინი ჯამურად ვერ უახლოვდებიან იმ შედეგს, რომელი შედეგიც აქვს „ქართულ ოცნებას“.

 

მდინარაძის თქმით, მომავალ არჩევნებში აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს არის ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარების და გადარჩენის ფორმულა.

 

„რეიტინგები ხომ აქვთ?! ერთმანეთს ხომ ამხელენ ხოლმე, მერე „ფორმულა“ გამოაქვეყნებს რაღაცას, მერე სხვა ამხელს მას, რომ დამალეს ეს. იმიტომ მალავენ, რომ ზუსტად იციან ვერანაირი თეორიული გათვლითაც კი ისინი ჯამურად ვერ უახლოვდებიან იმ შედეგს, რომელი შედეგიც აქვს დღეს რეიტინგში „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ყველა მათი ეს მცდელობა ამ ქვეყნისათვის იქნება საბედნიეროდ უშედეგო, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის იცით? „ქართული ოცნება“ სულ მუდამ ვერ იქნება ხელისუფლებაში ხომ?! ხვალ, ზეგ, წლებზე  ვლაპარაკობ, უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, მაგრამ ერთადერთი ვარიანტი, რომ ჩვენ ვიღაცამ  მოგვიგოს, ეს ვიღაცა უნდა იყოს ეროვნული, რეალურად და ჭეშმარიტად ევროპული, ეროვნული და ევროპული ერთდროულად. ამ ორ კრიტერიუმს რომ დააკმაყოფილებს, გულწრფელი და მართალი იქნება, ასეთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება რომელიღაც მომავალ არჩევნებში მოუგოს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააკეთებს იმ ჯგუფისგან, იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ვერანაირი პარტია თუ პარტიების გაერთიანება, რომელიც გარედან იმართება, სხვის დავალებებს ასრულებს და მათში ეროვნული არაფერი არ არის. ამიტომ მომავალ არჩევნებში აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, სხვანაირად შეუძლებელია, ეს არის ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარების და გადარჩენის ფორმულა, რეალური, გულწრფელობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული და შემდეგ ვილაპარაკოთ თუ ვიღაც ისეთი გამოჩნდება, რომელიც ჭეშმარიტად ეროვნული და ევროპული იქნება  და არა მოგონილ ნარატივებზე დაფუძნებული, ვითომ კრეატიული პიარებით“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner