„ცხადია, სააკაშვილის ლობიზმმა, ლობიზმის ნაცვლად საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც სურთ სიყალბეს სიმართლე დაარქვან და დამნაშავე რეჟიმი გამარჯვების ფორმულად აქციონ მოახლოებულ არჩევნებში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.
ხუნდაძის თქმით, ცხადია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სააკაშვილის ლობიზმი ეთაკილება, თუმცა ამ კამპანიაში ჩართული ორივე ლობისტური კომპანია ამერიკულია.
„იქნებ აგვიხსნან, ვინ იტყუება? ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები ამხელს საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს სააკაშვილის ლობიზმში. ამასთანავე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს არც ერთი თანამშრომელი სააკაშვილის ლობიზმში არასოდეს ჩართულა.
ის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეთაკილება სააკაშვილის ლობიზმი, უკვე კარგია, მაგრამ, ორივე ლობისტური კომპანია გავლენიანი ამერიკული კომპანიებია და თავად შეუძლიათ გაარკვიონ და შემდეგ ჩვენც შეგვატყობინონ, სად არის სიმართლე? თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად გავლენიანი კომპანიებია, რომ ერთ-ერთს, აკერმანის კომპანიას საქართველოში რევოლუციის მომზადებაც კი დაავალეს.
ცხადია, სააკაშვილის ლობიზმმა, ლობიზმის ნაცვლად საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც სურთ სიყალბეს სიმართლე დაარქვან და დამნაშავე რეჟიმი გამარჯვების ფორმულად აქციონ მოახლოებულ არჩევნებში.
ფაქტები გვიჩვენებს, რომ „შავის გათეთრების“ პროცესში, კიდევ ბევრი საერთაშორისო სკანდალის მომსწრე გავხდებით მომდევნო ერთი წელი“, - წერს ხუნდაძე.