ავტორი მარიამ პაიჭაძე
„სიტყვა თავისუფლებამ კონსტიტუციის ფურცლებიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა. გვქონდა კოალიციური მმართველობა ანუ პოლიტიკური კომპრომისი რეალობად იქცა", - ამბობს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე. „რეპორტიორთან" საუბარში ბრეგაძე ხელისუფლების 4-წლიან მმართველობას აფასებს და ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი, ხალხისათვის სასიკეთო საქმე გაკეთდა.
„პირველად მმართველ პარტიასა და საჯარო ხელისუფლებას შორის გაჩნდა მკვეთრი საზღვარი. ადამიანის ღირსების დაცვისა და სოციალური სახელმწიფოსაკენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. არ გვქონია ხელისუფლების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი გამოსვლები და კამათმა საქმიან, პოლიტიკურ არენაზე გადაინაცვლა. ხელისუფლებამ გაითავისა, რომ ის მხოლოდ ხალხის პრობლემების გადასაჭრელად არსებობს. ვფიქრობ, საბჭოთა ტყვეობიდან თავდაღწეული ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო ევროპულ გზას გონივრულად დაადგა და წარმატებით გაივლის იმ რთულ გეოპოლიტიკურ ინტერესთა ხეობას, რომლის ბოლოშიც დასავლური ცივილიზაციის ოჯახი გაღებული კარით გველოდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.