"ჩინეთი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, აღიარებს საქართველოს, როგორც ლიდერს რეგიონში," - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი აღიარებს იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს.
„ჩინეთი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, აღიარებს საქართველოს, როგორც ლიდერს რეგიონში და აღიარებს იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ეს ვიზიტი ბუნებრივია, გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების მეტ გაღრმავებას. საქართველო „ერთიანი სარტყელის“ მნიშვნელოვანი მონაწილეა, რომ ევროპა აზიას შორის ტვირთბრუნვას ხელი შეუწყოს და სატრანსპორტო დერეფანი, რაც საქართველოს გააჩნია, ეს უპირატესობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პრემიერ-მინისტრი ჩინეთშია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. აუდიენციები დაგეგმილია პეკინსა და ჩენგტუში. ამასთან მთავრობის მეთაური FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.