საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებებს აფასებს.
მისივე თქმით, თუ რაიმე კითხვები არსებობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, სჯობს ერთობლივი მონიტორინგის შედეგად გაირკვეს.
„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ ობიექტური, სამართლიანი დასკვნისთვის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით გახმოვანდა სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ანგარიშში. იმ ნაწილში, სადაც მათ აქვთ გარკვეული კითხვები, ჩვენ ვთავაზობთ, ჩამობრძანდნენ, ერთად გავაკეთოთ მონიტორინგი, რომ ეს კითხვები და ეს აღქმები აღარ ჰქონდეს არავის“, - განაცხადა ზარქუამ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო' ბრაიანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ომთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში გადაზიდვა.